"ბაზისბანკის" გენერალური დირექტორის დავით ცაავას თქმით, საბანკო სექტორი სტაბილურად ვითარდება. ამის შესახებ მან BMG-სთან განაცხადა.
დავით ცაავამ სექტორში არსებულ ვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მდგრადი ზრდის გაგრძელებას ელის. ამასთან, ის სექტორის გამოწვევებს შორის საგარეო ფაქტორებს ასახელებს.
„საბანკო სექტორი, ისევე როგორც წინა წლებში, საკმაოდ სტაბილურად ვითარდება. მიმდინარე პერიოდშიც მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ზრდა ასევე შენარჩუნდება. არის მაღალი ეკონომიკური ზრდა, საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ეს ზრდა გაგრძელდეს, იყოს სტაბილური და მდგრადი.
გამოწვევები, რა თქმა უნდა, არის საგარეო ფაქტორები, სირთულეები, რაც არის ჩვენს სამეზობლოში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს სტაბილურობა, რაც ქვეყანაშია, იქნება შენარჩუნებული“,- თქვა დავით ცაავამ BMG-სთან, საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებული კონფერენციის დასრულების შემდეგ.
კითხვაზე, ახდენს თუ არა ნეგატიურ გავლენას სექტორზე საქართველოს მოქალაქეებს ფინანსური სანქცირება, დავით ცაავამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მრავალი ქვეყნის არაერთი მოქალაქეა სანქცირებული, შესაბამისად გამიჭირდება გითხრათ კონკრეტული პირების სანქცირება რამდენად ახდენს სექტორზე გავლენას“.
საბანკო სექტორი აქამდეც იცავდა და მომავალშიც დაიცავს ყველა სანქციას - "ბაზისბანკის" დირექტორი