"საბანკო სექტორის ზრდის ტემპი დამაკმაყოფილებელი და კარგია" - ასე აფასებს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე კომერციული ბანკების 8 თვის ფინანსურ მაჩვენებლებს.
დარგობრივი გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ზრდის ტემპი შეიძლება ისეთივე აგრესიული არ არის, როგორც ეს წინა პერიოდში იყო, მაგრამ ასოციაციაში ამის მოლოდინი ჰქონდათ.
„შეგვიძლია ვთქვა, რომ მოგების მაჩვენებელი მაღალ ნიშნულზე რჩება - ესეც, როდესაც ზრდის ტემპი შედარებით ნაკლებია გასაკვირი არ არის, რომ უფრო მაღალია, ვიდრე სხვა პერიოდში. წელს კარგი მოგების მაჩვენებელი გვაქვს.
საბანკო სექტორის ზრდის ტემპი იმ ფარგლებშია, რომელიც პროგნოზირებული იყო. ჩვენ ვთქვით, რომ ზრდა 10%-ზე მეტი იქნება. მხოლოდ 8 თვის შედეგებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზრდა 7%-მდეა და 10%-ს აუცილებლად გადააჭარბებს. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პერიოდი ახლა დაიწყება და შეიძლება როგორც საკრედიტო ასევე სადეპოზიტო პორტფელზე აქტივობამ შეიძლება მნიშვნელოვნად გადააჭარბოს 10%-იან ზრდას“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მაჩვენებელი უფრო მცირე ტემპებით იზრდება.
„2024-2025 წლის განმავლობაში, რაც ნიშანდობლივია უნდა ვთქვათ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება შედარებით უფრო ნაკლებად მზარდია, ვიდრე კორპორაციული და სამომხმარებლო სესხების. ვერ ვიტყვი, რომ მკვეთრი ამოვარდნაა, თუმცა წინა პერიოდიდან გამომდინარე, როდესაც ყველაზე მზარდი მიკრო, მცირე და საშუალო პორტფელი იყო, დღეისთვის ეს აღნიშვნას საჭიროებს. მაგალითისთვის, წელს მიკრო ბიზნესის დაკრედიტებაში არის თვეები, როცა საერთო არ გაზრდილა, მაგრამ ზრდის ტემპის ტენდენცია შენარჩუნებულია, მაგრამ სხვა პორტფელები უფრო მეტად გაზრდილია.
ის შენელების პროცესები ამ სექტორზე მაინც აისახება ხოლმე და ამას აღვნიშნავთ ხოლმე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიკრო, მცირე და საშუალო დაკრედიტების ზრდა პირდაპირპროპორციულად უფრო ნაკლებად რეაგირებს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელზე და ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყურადღებას ვაქცევთ რამდენად სტაბილურად იზრდება ეკონომიკა და რამდენად ინკლუზიურია ეკონომიკური ზრდა მთლიანად ეკონომიკაზე“, - განმარტავს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.
აგვისტოში საბანკო დაკრედიტების მოცულობა 642 მილიონი ლარით, 66.8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, კრედიტების მოცულობა გასულ თვეში 1%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი დაკრედიტება 14.8%-ით არის მომატებული.
ამასთან, 2025 წლის 8 თვეში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2.13 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს. მთლიანობაში აღნიშნული თანხა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მოგებასთან შედარებით 109 მილიონი ლარით, ანუ 5.4%-ით მეტია.




























