ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ საქართველოში მდგრადი დაფინანსების მიმართულება სულ უფრო აქტუალური ხდება. როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით უტიაშვილმა განაცხადა, საბანკო სექტორში მწვანე სესხების პორტფელის მოცულობამ 800 მლნ ლარს გადააჭარბა.
მისი თქმით, კომერციული ბანკების მიღმა, ეროვნული ბანკი გეგმავს, რომ უახლოეს ხანებში მდგრადი დაფინანსების ჩარჩო ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვისაც შეიმუშაოს.
„ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების მიმართულებაზე აქტიურად მუშაობს და ჩვენ უკვე შევიმუშავეთ შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო და დოკუმენტები. მწვანე სესხების პორტფელმა უკვე გადააჭარბა 800 მლნ ლარს და ეს მზარდი პროცესია. ჩვენ მხოლოდ საბანკო სექტორით არ შემოვიფარგლებით და უკვე ვმუშაობთ მდგრადი ბონდების ჩარჩოზე. ეს საშუალებას მისცემს კერძო სექტორს, რომ ფასიანი ქაღალდები გამოუშვან მწვანე მიმართულებით და ამ გზით მოიზიდონ გრძელვადიანი დაფინანსება. ჩვენ აქტივობას ვხედავთ, პორტფელი მზარდია, თუმცა არის გამოწვევებიც, მათ შორის ცნობადობის კუთხით.
კომპანიების რაღაც ნაწილმა არ იცის, რა შესაძლებლობები არსებობს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით და როგორ გამოიყენოს ეს შესაძლებლობები. მაგალითად, ცალკეულ სექტორებში მწვანე სესხის მისაღებად აუცილებელია გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება, ეს კი ხშირად კომპანიებისთვის ცნობილი არაა“, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.
ცნობისთვის, 6 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობით მდგრადი დაფინანსების რიგით მეხუთე ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიებას 15 ქვეყნიდან 200-ზე მეტი მონაწილე დაესწრო და მის ფარგლებში დისკუსიები გაიმართა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შემუშავების მიმართულებით არსებული გამოცდილების შესახებ.