მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საბანკო სისტემის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია" - სებ-ის აღმასრულებელი დირექტორი "ბაზისბანკის" მიერ "ლიბერთის" შეძენაზე

სს

ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი "ბაზისბანკის" მიერ "ლიბერთის ბანკის" შეძენას საბანკო სისტემის განვითარებისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს და განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი ბაზისბანკის მიერ ლიბერთის შეძენა. ამის შესახებ მან გარიგების ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიებაზე განაცხადა.

"აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვანია საერთაშორისო ინვესტიციების თვალსაზრისით, კერძოდ კი ჩინურ კაპიტალთან მიმართებით. როგორც მოგეხსენებათ საქართველოს საფინანსო სექტორი წლებია ლიდერია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან მიმართებით და აღნიშნული ტრანზაქციაც იმის დასტურია, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი აქტიური განვითარების ფაზაშია.

ასევე აღნიშნული ტრანზაქცია საშუალებას ქმნის, რომ ბაზარზე გაჩნდეს უფრო მსხვილი მესამე სისტემური ბანკი, რომელსაც საშუალება ექნება გაზარდოს სექტორში კონკურენცია.

ორივე ბანკს სხვადასხვა ნიშა უჭირავს და მათი გაერთიანებით, ჩნდება სინერგია იმისათვის, რომ ბაზისბანკს ახალი სტრუქტურით საშუალება ჰქონდეს უფრო ეფექტური სერვისები შესთავაზოს, როგორც საცალო, ისე ბიზნესსექტორს.

აღნიშნული ხელშეკრულებით, ეს არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ ორი კომპანიის განვითარება. ეს გახლავთ წინ გადადგმული ნაბიჯი უფრო დიდი კონკურენციისთვის, მრავალფეროვნებისთვის და საბანკო სისტემის განვითარებისთვის", - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

16 აპრილს საქართველოს საბანკო სისტემაში ცვლილებების შესახებ გახდა ცნობილი - აქტივების სიდიდით მეოთხე "ბაზისბანკმა" მესამე უმსხვილესი - "ლიბერთი ბანკი" შეიძინა. გარიგება მოიცავს ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის Hunnewel Partners-ისგან აქციათა საკონტროლო - 95.99%-ის წილის გამოსყიდვას. ტრანზაქციის ღირებულება კონფიდენციალურია. ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული გარიგების კვლევა ჯერ კიდევ 2025 წლის ზაფხულზე დაასრულა და დაასკვნა, რომ გაერთიანება ქვეყნის საბანკო სისტემაში არსებული კონკურენციის დონეზე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენდა.

ბაზისბანკის შესახებ

ბაზისბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც კორპორაციულ, მცირე და საშუალო ბიზნესის და საცალო მომხმარებლებისთვის საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო მომსახურების შეთავაზებით ქმნის ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლის წარმატებასა და გრძელვადიან ნდობაზეა ფოკუსირებული. მისი მფლობელია ჩინური "ჰუალინგ გრუპი", ხოლო უშუალოდ "ჰუალინგ გრუპის" აქციონერები არიან ჩინეთის მოქალაქეები, ბიზნესმენები წოუ ივეი 46.76% და მი ზაიქი 51%.

2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 5 მილიარდ ლარს, საკრედიტო პორტფელი 3.57 მილიარდ ლარს, დეპოზიტები კი 3.6 მილიარდი ლარია. ამასთან, ბანკს 2025 წელს 122.4 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა. ბანკის ROE, ანუ უკუგება კაპიტალზე 14%-ს შეადგენს. ბანკის აქტივები სისტემის 4.73%-ია.

ლიბერთი ბანკის შესახებ

ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.

ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება.

2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 6.1 მილიარდ ლარს შეადგენს, კრედიტების მოცულობა 4.42 მილიარდი ლარია. დეპოზიტები კი 4.41 მილიარდ ლარს შეადგენს. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია. უკუგება კაპიტალზე (ROE) 15.7%-ს შეადგენს. "ლიბერთის" აქტივები საქართველოს საბანკო სისტემის 5.80%-ია.

ბანკის აქციონერები ამ დრომდე იყვნენ Hunnewel Partners-ის დამფუძნებლები - ირაკლი რუხაძე 31.31%; ბენჯამინ ალბერტ მარსონი 31.31% და იგორ ალექსეევი 31.31%. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სწორედ ირაკლი რუხაძე ხელმძღვანელობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები