სამკერვალო „ლიდერმა“, რომელიც „ლიმოს“ ბრენდით საბავშვო სამოსს აწარმოებს, თბილისში ახალი საწარმო გახსნა. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ სამკერვალოს დამფუძნებელმა, ნინო გიორგაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ინვესტიციამ 100 000 დოლარი შეადგინა. აღსანიშნია, რომ ამ დრომდე "ლიმოს" ტანსაცმელი მხოლოდ გორში არსებულ საწარმოში იკერებოდა.
„ლიმომ“ ძალიან მოკლე დროში მიაღწია ბევრ წარმატებას სხვადასხვა ორგანიზაციის, ასევე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით. მონაწილეობას ვიღებთ საერთაშორისო გამოფენებში და ექსპორტზე ვართ სომხეთში, შვედეთსა და საფრანგეთში, შარშან გავედით კორეაშიც. თუმცა თავდაპირველად „ლიმო“ ამერიკულ Amazon-ზე იყიდებოდა. ჩვენ უკვე სრულად მზად ვართ ადგილობრივ ბაზარზეც შევიდეთ.“ - აღნიშნა დამფუძნებელმა.
ნინო გიორგაძის თქმით, ახლა უკვე ორივე საწარმოს მეშვეობით წლიურად 45 ათასი ერთეულის წარმოების შესაძლებლობა იქნება. "წელს სასექტემბროდ ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებლებს ახალ კოლექციებს შევთავაზებთ.“ - აღნიშნა გიორგაძემ.
ცნობისთვის, ბრენდი „ლიმო“ უკვე ოთხი წელია ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე. კოლექციები ექსპორტზე იგზავნება სომხეთში, საფრანგეთში, შვედეთსა და უკვე კორეაშიც.
"ლიმოს" პროდუქციის ფასები ადგილობრივ ბაზარზე 60 ლარიდან იწყება და 200 ლარამდე ადის.