მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბერძნეთი 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ მედიას 2027 წლიდან აკრძალავს

საბერძნეთი

საბერძნეთი 2027 წლის 1 იანვრიდან 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომას აკრძალავს - ამის შესახებ ოთხშაბათს პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა და მიზეზად ახალგაზრდებში მზარდი შფოთვა, ძილის პრობლემები და ონლაინ პლატფორმების მიჩვევის გამომწვევი დიზაინი დაასახელა.

ახალგაზრდებისთვის ჩაწერილ ვიდეომიმართვაში მიცოტაკისმა აღნიშნა, რომ ბავშვები, რომლებიც ეკრანებთან დიდ დროს ატარებენ, გონებას დასვენების საშუალებას არ აძლევენ და მუდმივი შედარებებისა თუ ონლაინ კომენტარების გამო მზარდ წნეხს განიცდიან.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ისაუბრა ბევრ მშობელთან, რომელთა თქმითაც, მათ შვილებს კარგად არ სძინავთ, ადვილად შფოთავენ და ტელეფონებში დიდ დროს ატარებენ.

თებერვალში გამოქვეყნებული ALCO-ს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა დაახლოებით 80% აკრძალვას ემხრობა. საბერძნეთის მთავრობამ მობილური ტელეფონები სკოლებში უკვე აკრძალა და მოზარდების ეკრანთან გატარებული დროის შესაზღუდად მშობელთა კონტროლის პლატფორმებიც შექმნა.

"საბერძნეთი იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ასეთ ინიციატივას იღებს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო არ ვიქნებით. ჩვენი მიზანია, ევროკავშირსაც ამ მიმართულებით ვუბიძგოთ", - თქვა მიცოტაკისმა.

ავსტრალია დეკემბერში მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედია აკრძალა. ამით მათ შეეზღუდათ წვდომა ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა TikTok, Alphabet-ის YouTube, Instagram და Facebook.

Meta-მ, Snapchat-მა და TikTok-მა განაცხადეს, რომ კვლავ მიაჩნიათ, ავსტრალიის აკრძალვა ახალგაზრდებს ვერ დაიცავს, თუმცა კანონის დამორჩილების პირობა დადეს.

სხვა ქვეყნებიც ამკაცრებენ სოციალური მედიის წესებს: გაერთიანებული სამეფო, მალაიზია, საფრანგეთი, დანია და პოლონეთი აკრძალვას ან განიხილავენ, ან შესაბამისი კანონმდებლობის მიღების პროცესში არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები