მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბითუმო ბაზარზე ბენზინი გაიაფდა - „სენტა პეტროლიუმი“

627023f43ce0b
ვიქტორია მღებრიშვილი
03.05.22 00:00
4853
პრემიერ-მინისტრის დავალებით კონკურენციის სააგენტო საწვავის ბაზარზე ფასების კუთხით არსებულ ვითარებას დააკვირდება და ეკონომიკურ საბჭოს 15 მაისამდე ანგარიშს წარუდგენს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა ბაზრის შესწავლის მიზეზად ნავთობიმპორტიორების მიერ გაიაფებული საწვავის შესყიდვა, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე მისი ფასის კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება დაასახელა. ღარიბაშვილის განცხადებით, კონკურენციის სააგენტომ უნდა შეაფასოს, არსებობს თუ არა ამ მხრივ რაიმე "მოლაპარაკება".

აღნიშნულ საკითხზე „საქმის კურსის“ კითხვებს, საწვავის საბითუმო ბაზრის ერთ-ერთი მონაწილე კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი, ზაალ იაკობიძე პასუხობდა.

დარგის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დღეისთვის საბითუმო ბაზარზე საწვავი დაახლოებით 40 თეთრით არის გაიაფებული და რიგ არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საწვავის საშუალო ფასი 3.20-3.25 თეთრია.

„ჩვენ დავაანონსეთ, რომ საწვავის იმ ფასად შემოტანა იყო შესაძლებელი, როგორიც საერთაშორისო ბაზარზე იყო. ეს უკვე საქართველოს საბითუმო ბაზარზე ბენზინთან მიმართებით აისახა. დღეს საქართველოს საბითუმო ბაზარზე ბენზინის ფასი არსებული 3.40-3.50 ლარის ნაცვლად დაახლოებით 3 ლარია, შესაბამისად, ჩემი ინფორმაციით, რიგ არაბრენდირებულ სადგურზე ბენზინის საცალო ფასი 3.20-3.25 ლარს შეადგენს“, - განაცხადა ზაალ იაკობიძემ.

კითხვაზე - ნიშნავს თუ არა საბითუმო ბაზარზე საწვავის გაიაფების შესახებ „სენტა პეტროლიუმის“ დირექტორის განცხადება იმას, რომ პრემიერმა კონკურენციის სააგენტოს ბრენდირებული გასამართი სადგურების ბაზრის მოკვლევა დაავალა, ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ ვერ დააზუსტებს რა ღონისძიებები იქნება გატარებული.

„განცხადების მიხედვით კონკურენციის სააგენტო მოიკვლევს ფასებს - როგორია ისინი საცალო ბაზარზე და როგორია თვითღირებულება და ხომ არ არის რაიმე ტიპის შეთანხმება, რადგან ბევრ ბენზინგასამართ სადგურზე საკმაოდ მაღალი ფასი ფიქსირდება. ამის შესწავლა მარტივია, თუმცა იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კომპანიას მაღალი მარჟა აქვს, პირდაპირ რთულია მარჟის შემცირება მოსთხოვო. ამას ზოგადად ბაზარზე არსებული კონკურენცია არეგულირებს. მოლაპარაკებების არ არსებობის პირობებში თავისთავად ხდება ფასების დაბალანსება“, - აღნიშნა იაკობიძემ.