ფრინველის ხორცის მწარმოებელი ქართული კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე საქართველოს პარლამენტს ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის კანონმდებლობაში ცვლილების შეტანას სთავაზობს.
როგორც ბიზნესმენმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განმარტა, იმისთვის, რომ მთავრობის მიერ დაწყებული კამპანია- „იყიდე ქართული“ ეფექტური იყოს, ხელისუფლებამ ადგილობრივი მწარმოებლები უნდა წაახალისოს.
„დღეს ყველა იძახის „იყიდეთ ქართული“ და მე მგონია, რომ ყველაზე მართებული იქნებოდა, თუ საბიუჯეტო ორგანიზაციებს საკანონმდებლო აქტით დაევალებათ შეისყიდონ ქართული წარმოების პროდუქცია. ეს ბევრ ქვეყანას ასე აქვს და ჩვენ ცოტა შტერულად ვიქცევით, იმიტომ, რომ ჩვენ ვიხდით ბიუჯეტში ფულს და ის ფული მიდის სხვა ქვეყნის პროდუქციის შესაძენად.
ახლა თუ გვისმენენ დეპუტატები, ჯობია, რომ ოქტომბრამდე მოასწრონ ამ საკანონმდებლო ცვლილების გაკეთება, იმიტომ, რომ ეს საშვილიშვილო საქმე იქნება და რეალურ სტიმულს მისცემს სოფლის მეურნეობის განვითარებას“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.