მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საჭირო გახდა გარკვეული ფენის დაცვა"- ბეჟან წაქაძე თუთუნზე აქციზის შემცირების ინიციატივაზე

ბეჟან წაქაძე

"პროდუქციას გააიაფებს და მოსახლეობისთვის მეტად ხელმისაწვდომი იქნება", - ასე ხსნის დეპუტატი ბეჟან წაქაძე შემუშავებული კანონპროექტის მიზეზს, რომელმაც თუთუნზე აქციზი უნდა გაანახევროს.

საქმე ისაა, რომ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის და ამავე კომიტეტის სხვა წევრების, მათ შორის, ბეჟან წაქაძის ინიციატივით პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც თუთუნზე აქციზური განაკვეთის 60-დან 30 ლარამდე შემცირებას ითვალისწინებს.

ბეჟან წაქაძის განცხადებით, ცვლილება ფინანსთა სამინისტრომ მოითხოვა.

"ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა იყო და ამას დავეთანხმეთ, რადგან ის პროდუქციას გააიაფებს და მოსახლეობისთვის მეტად ხელმისაწვდომი იქნება.

- არ ეწინააღმდეგება მთავრობის პოლიტიკას?

- რა თქმა უნდა, არ ეწინააღმდეგება. ჩვენ ანტი-რეკლამას არ ვაკლებთ, თუმცა არის მოსახლეობის ნაწილი, რომელმაც ეს სენი ჯერ კიდევ ვერ დაძლია. საჭირო გახდა გარკვეული ფენის დაცვა. მათი ხელფასის ნაწილი, ფაქტობრივად, ამ მიმართულებით მიდიოდა. ამასთან, დავეხმარებით მწარმოებლებს, რათა მეტად გაიზარდოს რეალიზაცია", - განაცხადა ბეჟან წაქაძემ BMG-სთან.

საქართველოს მთავრობას თამბაქოს კონტროლის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია აქვს, რომელიც 2021 წელს დამტკიცდა. სტრატეგიის მიზანია, ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა შემცირდეს. პარლამენტში დარეგისტრირებულ ინიციატივას ეწინააღმდეგება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) სადაც განმარტავენ, რომ ის წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირთან ასოცირების დირექტივის 283-ე მუხლსა და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციას.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში შემცირდება საბიუჯეტო შემოსავალი აქციზიდან, რადგანაც 2023 წელს ამ კატეგორიის ნედლეულის იმპორტმა 832,168 კილოგრამი შეადგინა, რაც შესაბამისად 49 930 094 ლარით დაიბეგრა.

“ვინაიდან კანონპროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის 60 ლარიდან 30 ლარამდე შემცირებას, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად შემცირდება დაახლოებით 24 965 047.2 ლარით. თუმცა, აქციზის განაკვეთის შემცირებით გამოწვეული საბიუჯეტო შემოსავლების დანაკარგის კომპენსირება მოხდება ბაზარზე არალეგალური სიგარეტის ლეგალურით ჩანაცვლებისა და შედეგად გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების ფონზე,”- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები