კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ საჭიროა, ფარმაცევტული ბაზრის რეგულირება. განცხადება ლექვინაძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატებს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში გააცნო.
„ბოლო პერიოდში მედიკამენტების ღირებულება როგორც ლარში, ისე დოლარში არის გაზრდილი და მედიკამენტების ღირებულება არის გაზრდილი. ზოგადად, ერთ სულ მოსახლეზე შედარება რომ გავაკეთოთ, საკმაოდ მაღალია მედიკამენტების მოხმარება, ჩვენი შეფასებით, ამას აქვს თავისი მიზეზები - რეცეპტებით მითითება ხდება მაღალფასიან მედიკამენტებზე და მეორე მხრივ, მოხმარება არის გაზრდილი.
ჩვენ შევაფასეთ ასევე ბაზარი და ბაზარზე მოქმედი კომპანიები. ჩვენი შეფასების მიხედვით, ბაზარი მთლიანობაში რეგულაციების სიმწირით გამოირჩევა, მიუხედავად იმისა, რომ რეგულაცია საკმაოდ ბევრია, ევროპულ ბაზართან შედარებით ჩვენთან არსებობს საჭიროება, რომ მეტი რეგულაცია არსებობდეს. შესაძლოა, კონკურენციის სააგენტოს მხრიდან ეს ცოტა უცნაურად ჟღერდეს, თუმცა კარგად ვიაზრებთ, რომ ფარმაცევტული ბაზარრი არის ძალიან სპეციფიური და უკავშირდება ადამიანების ჯანმფრთელობას, უსაფრთღხიოება, ამიტომ საჭიროა ძალიამ მკაცრი, მოქალაქეზე ორიენტირებული რეგულაციები“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
შეგახსენებთ: მთავრობას დაანონსებული აქვს, რომ მედიკამენტების გაიაფებისთვის გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს, სწორედ კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც მთავრობამ გადადგა, მედიკამენტებისთვის თურქული ბაზრის გახსნა იყო.




























