მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად დასაქმდებიან სოციალურად დაუცველები? - ეკონომიკის მინისტრი

620a2457a730d
ინგა მურუსიძე
14.02.22 13:42
13370
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სოცდაუცველების დასაქმების პროგრამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი არსებობს, მაგალითად სატყეო სააგენტოში, სადაც მუშახელის დეფიციტია. სახელმწიფო პროგორამის ფარგლებში კი სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი მოქალაქეები სწორედ ასეთ ადგილებზე დასაქმდებიან.

გარდა ამისა, მისივე თქმით, სამინისტროებს და ადგილობრივ თვითმმართველობებს დაევალათ, რომ სამუშაო ადგილების მობილიზება მოახდინონ.

„მიმდინარე წლის განმავლობაში იქნება მობილიზებული სამუშაო ადგილები, ათობით ათასი ადგილი უკვე მობილიზებულია. მუნიციპალიტეტებს და სამინისტროებს დაევალა, რომ დაახლოებით 50 ათასი სამუშაო ადგილის მობილიზება შევძლოთ საზოგადოებრივი დასაქმების კუთხით. რასაც კერძო სექტორი, ჩვენი ეკონომიკა ვერ აგენერირებს, უნდა შევავსოთ ჩვენი ინიციატივით და ჩვენი ინტერვენციებით, მაგრამ ეს უნდა იყოს გამიზნული საქმიანობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ამ კუთხით ჩვენ გვქონდა დეტალური მუშაობა, შევისწავლეთ საჭიროება სხვადასხვა სამინისტროებში.

მაგალითად, გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტში რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილის დეფიციტია და იდენტიფიცირებულია ასეთი სამუშაოები, რაც ტყის შენარჩუნება-აღდგენის საშუალებას მოგვცემს. სამუშაოები იქნება როგორც ფიზიკური, ასევე საოფისე. ეს ყველაფერი ძალიან დიდ ჩართულობას მოითხოვს დასაქმების სააგენტოს მხრიდან, პროგრამა ამ სააგენტოს ფუნქციების ზრდასაც მოიცავს. დასაქმების სააგენტო დაიმატებს კადრებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველმა ადამიანებმა, ვინც ახლა დასაქმებულია და დახმარებასაც იღებს, ამის შესახებ განაცხადოს. მინისტრის თქმით, ამის მიუხედავად მათ მომდევნო 4 წელი სოციალური დახმარება არ შეუწყდებათ.

„ხოლო ის ადამიანები, ვინც უარს იტყვის საზოგადოებრივ შრომაზე, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გადამოწმდნენ ერთი წლის განმავლობაში, თუმცა ერთი წლის განმავლობაში მათ შეუძლიათ დასაქმდნენ“, - ამბობს მინისტრი.

შეგახსენებთ: სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან დაიწყება და სოციალურად დაუცველები, ვინც საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმდებიან, სოციალურ დახმარებასთან ერთად, ხელფასის სახით 300 ლარს აიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები