მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სად გაივლის ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალი? - პროექტი დამტკიცდა

გზა მაგისტრალიი ქობულეთი

ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალის 4-ზოლიან გზად მოდერნიზების პროექტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში დასრულდა საჯარო განხილვების პროცესი და უწყებამ წარდგენილ პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს შერჩეულ პროექტზე საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება და გზის მშენებლობის დაწყება შეეძლება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალის 4-ზოლიან გზად მოდერნიზების პროექტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერში წარუდგინა და ამ დრომდე პროექტზე საჯარო განხილვები და ალტერნატივების შეფასება მიმდინარეობდა. უწყების მიერ წარდგენილი იყო სამი ალტერნატიული ვარიანტი, რომელთაგან უპირატესობა მეორე ალტერნატივას მიენიჭა.

31.3-კილომეტრიანი გზა 2018 წლიდან შევიდა ექსპლოატაციაში, რის შემდეგაც მალევე მზარდი სატრანსპორტო ნაკადის გათვალისწინებით მისი გაფართოვება გადაწყდა.

გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების შემთხვევაში 110-120 კმ/სთ-მდე გაიზრდება თითოეულ ზოლში გადაადგილების სიჩქარე და გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა. პროექტი ორი - 305 და 174 მეტრის სიგრძის გვირაბების მშენებლობას ითვალისწინებს.

ახალი გზის შერჩეული ალტერნატივის აღწერა:

  • ალტერნატიული ვარიანტი II – მიუყვება არსებულ ორ ზოლიან გზას პარალელურად თითქმის მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის არსებული გზის მარჯვენა მხარეს მრუდების გაუმჯობესების მიზნით. ასევე გათვალისწინებულია სხვა მონაკვეთების გაუმჯობესება. ალტერნატიული დერეფნის სიგრძეა 30,7 კმ.

ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალის 4-ზოლიანად მოდერნიზების სამი ალტერნატივა, რომელთაგან უპირატესობა მეორე ალტერნატივას მიენიჭა:

"დაგეგმილი საქმიანობის ადგილმდებარეობის 3 ალტერნატიული ვარიანტის ურთიერთშედარების საფუძველზე, ტექნიკურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებით, უპირატესობა მიენიჭა მე2 ალტერნატიულ ვარიანტს (დამატებითი ორზოლიანი გზის მოწყობა კომბინირებულად, ასფალტბეტონის საფარით, როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხარეს).

წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, საპროექტო გზის საერთო სიგრძეა დაახლოებით 30,7 კმ და დერეფანი პირობითად იყოფა ორ ლოტად: საწყისი 13 კმ სიგრძის მონაკვეთი სოფ. კაკუჩამდე (პირობითად ლოტი 1) და სოფ. კაკუჩადან ბოლო წერტილამდე (პირობითად ლოტი 2). საავტომობილო გზის დერეფანში გათვალისწინებულია დამატებითი კვანძების და არსებული გვირაბების პარალელურად ორი ახალი, ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა. ასევე დაგეგმილია ახალი ხიდების და გზაგამტარების
მოწყობა.

გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, საპროექტო გზა დაახლოებით 14,6 კმ-ის მანძილზე მიუყვება არსებულ ორზოლიან გზას პარალელურად, ხოლო შემდგომ, გარკვეულ მონაკვეთებში, მრუდების გაუმჯობესების მიზნით, ორჯერ გადადის არსებული გზის მარჯვენა მხარეს, კერძოდ, პკ 145+40-დან-პკ 154+00-მდე გზა გადადის მარცხნიდან მარჯვნივ. შესაბამისად, პკ 154+00-დან პკ 187+60-მდე ეწყობა სრულად ახალი მიმართულება მარჯვენა მხარეს, ხოლო პკ 187+60-დან პკ 192+00-მდე გზა ისევ უბრუნდება თავდაპირველ ვარიანტს. პკ 202+00-დან -პკ 205+70-მდე გზა ისევ გადადის მარცხნიდან მარჯვნივ და პკ 205+70-დან - პკ 215+20-მდე კვლავ ეწყობა სრულად ახალი მიმართულება მარჯვენა მხარეს. შესაბამისად, დაგეგმილია 7,5 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია. კერძოდ, პკ 145+40-დან - პკ 221+00-მდე, სადაც გათვალისწინებულია 3 ხიდის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი, რომლის პარამეტრები ცხრილის სახით მოცემულია გზშ-ის ანგარიშში. საპროექტო გზაზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე იქნება 120 კმ/სთ,"- ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები