მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად გაყიდის ქართულ-ისრაელური კომპანია „ბარ-ლევ მენეჯმენტი“ ნუშს - კომპანიის გეგმები

5f3a94d40a91c
ვიქტორია მღებრიშვილი
17.08.20 20:00
1293
გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ ლემშვენიერაში ქართულ-ისრაელური ინვესტიციით 6 ჰექტარზე 6 ჯიშის ნუშის ბაღები 2018 წელს გაშენდა, პირველი მოსავალი კი კომპანიამ წელს მიიღო.

როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გეგა ბაღათურია BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, ბაღების გაშენების ჯამური ინვესტიცია 300 000 ლარს შეადგენდა.

„1 ჰა-ზე ნუშის გაშენებას 25 000 ლარი სჭირდება, ამასთან იმისთვის რომ ბაღი მივიყვანოთ მსხმოიარობის პროცესამდე, მოსავლელად ასევე 25 000 ლარია საჭირო, შესაბამისად ჩვენ 300 000 ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ ნუშის ბაღების გასაშენებლად. მუდმივად ვასაქმებთ 4 თანამშრომელს. ხოლო წელს პირველი მოსავლის აღებაზე 15 ადამიანი მუშაობდა“, - განაცხადა გეგა ბაღათურიამ.

მისივე თქმით, კომპანიამ ბაღები ამ ფართობზე სადემონატრაციოდ გააშენა და დამატებით კიდევ ერთ ჰექტარზე 1 ჯიშის ნუშის სახეობის გაშენებას გეგმავს.

„ნუში, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნადი პროდუქტია, ჩვენ ჩამოგვაქვს ბუჩქის ტიპის ნუში, რომლის მოვლა უფრო იოლია და ადრე იწყებს მსხმოიარობას.

წესით პირველი მოსავალი მესამე წელს უნდა აგვეღო, თუმცა მეორე წელს ავიღეთ მოსავლის 30%, 1 ჰა-ზე გაშენებული ერთი ჯიშისგან 1 700 კგ ნუში მივიღეთ“, - ასე ხსნის კომპანიის დაინტერესებას ნუშის ბაღების გაშენებით „ბარ-ლევ მენეჯმენტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

გეგა ბაღათურია ამბობს, რომ წელს მოსავალი სრულად ქართულ ბაზარზე რეალიზდება.

„პირველი მოსავალი მოცულობით დიდი არ ყოფილა, ამიტომ გაუტეხავ, დაუმუშავებელ ნუშს ადგილობრივ ბაზარზე გავყიდით“, - აღნიშნავს ის.

კომპანია შემდეგ წლებში მოსავლიანობის ზრდასთან ერთად მათი წარმოებული ნუშის 90%-ის ექსპორტზე გატანას გეგმავს, მთავარი საექსპორტო ქვეყანა კი ესპანეთი იქნება.

„2021 წელს ჩვენი მოსავლიანობა დაახლოებით 10 ტონამდე იქნება. ამიტომ, ვფიქრობთ რომ მომავალ წელს ექსპორტზე ესპანეთში მხოლოდ დამუშავებული ნუში გავა.

საექსპორტო ქვეყნად ესპანეთი იმიტომ შევარჩიეთ, რომ იქაურ ბაზარს ასე თუ ისე ვიცნობთ და პარტნიორებიც გვყავს, რომლებიც ჯამში 25 000 ტონა ნუშს იბარებენ, რაც 12 000 ჰა-ზე ნუშის ბაღებიდან შეგიძლია მიიღო, ეს საკმაოდ დიდი მოცულობაა.

ჯერ ვფიქრობთ, რომ ეს ბაზარი დავაკმაყოფილოთ და შემდგომ უკვე ვიფიქრებთ გერმანიის და სხვა მიმართულებით ნუშის ექსპორტზე“, - განაცხადა გეგა ბაღათურიამ.

მისივე ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე დამუშევებული 1 კგ ნუშის ღირებულება დაახლოებით 25 ლარია, ხოლო გაუტეხავის 12 ლარი. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, იქ მხოლოდ გატეხილი ნუში იყიდება და მისი ღირებულება 4-დან 6 ევრომდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები