2025 წელს ვერცხლის ფასი ოქროს ღირებულების ზრდის კვალდაკვალ, წლიურად 160%-ით გაიზარდა. ძვირფასი ლითონი, რომელიც კრიტიკული ინდუსტრიული რესურსია, თანამედროვეობაში ფაქტობრივად შეუცვლელი ნედლეულია ელექტრონიკაში, მზის პანელებისა და ელექტრომობილების წარმოებაში.
ვერცხლის მარაგების ფლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სტრატეგიული უპირატესობაა, რადგან ეს ლითონი ფინანსურ აქტივთან ერთად კრიტიკული ინდუსტრიული ნედლეულია. ვერცხლის დიდი რეზერვები სტაბილურ საექსპორტო შემოსავლებს უზრუნველყოფს და სამთო-მოპოვებით სექტორში მსხვილ უცხოურ ინვესტიციებს იზიდავს, რაც ხელს ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს.
Visual Capitalist-ის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებული ვერცხლის მარაგი დაახლოებით 641,400 ტონას შეადგენს.
ვერცხლის ყველაზე დიდი მარაგი პერუს აქვს. ქვეყნის წიაღისეულში დაახლოებით 140 000 ტონა ვერცხლია, რაც გლობალური რეზერვების თითქმის 22%-ია. პერუს ლიდერობას ისეთი გიგანტური მაღაროები განაპირობებს როგორიც არის ანტამინა, სადაც ძირითადად სპილენძს მოიპოვებენ, თუმცა ვერცხლის უმსხვილესი წყაროა.
ავსტრალია ვერცხლის რეზერვებით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს და გლობალური მარაგების დაახლოებით 15%-ს, 94,000 ტონას ფლობს. ქვეყნის სამთო-მოპოვებითი სექტორი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურითა და სტაბილური საინვესტიციო გარემოთი გამოირჩევა, რაც მას მსოფლიო ბაზარზე „თეთრი ლითონის“ ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მიმწოდებლად აქცევს. ავსტრალიაში ვერცხლის მოპოვება ხშირად კომპლექსურად, ტყვიის, თუთიისა და ოქროს საბადოებთან ერთად ხდება, ხოლო ისეთი მასშტაბური ობიექტები, როგორიცაა Cannington-ის მაღარო ქვეყანას წამყვან პოზიციას უნარჩუნებს როგორც რესურსების მოცულობით, ისე მოპოვების ეფექტიანობით.
რუსეთი ვერცხლის გლობალურ რეიტინგში მესამე ადგილზეა და მისი დადასტურებული მარაგები დაახლოებით 92,000 ტონას აღწევს, რაც მსოფლიო რესურსების 14.4%-ია. ქვეყნის უმსხვილესი საბადოები ძირითადად მაგადანის მხარეში, ურალსა და შორეულ აღმოსავლეთშია კონცენტრირებული, სადაც ვერცხლის მოპოვება ხშირად სხვა ფერად ლითონებთან კომპლექსურად ხდება. რუსეთი გლობალურ ბაზარზე ვერცხლის ერთ-ერთ უმსხვილეს მიმწოდებლად რჩება, თუმცა ბოლო პერიოდში გეოპოლიტიკური ვითარებისა და სანქციების გამო, მისი ექსპორტის ვექტორი დასავლური ბაზრებიდან აზიის, კერძოდ კი ჩინეთისა და ინდოეთის მიმართულებით მნიშვნელოვნად გადაიხარა.
ჩინეთი დაახლოებით 70 000 ტონა ვერცხლს ფლობს, რაც გლობალური რეზერვების თითქმის 11%ია. ჩინეთის შემთხვევა განსაკუთრებულია იმით, რომ ის არა მხოლოდ მდიდარია ამ რესურსით, არამედ მსოფლიოში ვერცხლის ერთ-ერთ უმსხვილეს მომხმარებელსაც წარმოადგენს. ლითონის მოპოვება ძირითადად იუნანის პროვინციაში ხდება, სადაც ვერცხლი ხშირად ტყვიისა და თუთიის მოპოვების თანამდევი პროდუქტია. ვინაიდან ჩინეთი მსოფლიო ლიდერია მზის პანელებისა და ელექტრონიკის წარმოებაში, საკუთარი ვერცხლის მარაგები შიდა ინდუსტრიული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული უპირატესობაა.
პოლონეთი ვერცხლის მარაგებით მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს და ამ მაჩვენებლით ის ევროპაში უდავო ლიდერია.. ქვეყნის წიაღისეულში დაახლოებით 61,000 ტონა ვერცხლია, რაც გლობალური რეზერვების დაახლოებით 9.5%-ს შეადგენს. პოლონეთის ვერცხლის საბადოები ძირითადად ქვემო სილეზიის რეგიონშია კონცენტრირებული, სადაც ლითონის მოპოვება სპილენძის მოპოვებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. პოლონური კომპანია KGHM Polska Miedź მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ვერცხლის მწარმოებელია, რაც პოლონეთს ევროკავშირის ფარგლებში უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მოთამაშედ აქცევს, განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიებისა და „მწვანე“ ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით.
მონაცემების პარალელურად, რომელიც ქვეყნების წიაღისეულის მარაგებზე გვაწვდის ინფორმაციას, ყველაზე დიდი მარაგის მქონე ქვეყანა ყოველთვის უმსხვილესი მწარმოებელი არ არის. მაგალითად, მექსიკა, რომელიც ვერცხლის წარმოებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და წლიურად დაახლოებით 6,000 ტონაზე მეტს აწარმოებს, მარაგების მიხედვით მხოლოდ მე-6 ადგილს იკავებს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მექსიკა თავის რესურსს ძალიან ინტენსიურად მოიპოვებს, მაშინ როცა პერუსა და ავსტრალიას გაცილებით დიდი აუთვისებელი პოტენციალი აქვთ.
მსოფლიო მწვანე ენერგიაზე გადადის - ამის პირდაპირ პროპორციულად კი ვერცხლზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქვეყნები, რომლებსაც დიდი რეზერვები აქვთ, მომავალ ათწლეულებში გლობალურ ეკონომიკაზე დიდ გავლენას მოახდენენ.




























