2024 წლის ბოლოსთვის, მსოფლიოში მზის ენერგიის დადგმულმა სიმძლავრემ 2.2 ტერავატს გადააჭარბა, საიდანაც 600 გიგავატი მხოლოდ ერთ წელიწადში მიემატა, რაც ისტორიული შედეგია.
მზის ენერგიის ინდუსტრიის სწრაფ ზრდას ხელი მრავალმა ფაქტორმა შეუწყო. მათ შორისაა ბოლო ათწლეულში მზის მოდულების თითქმის 90%-ით გაიაფება, მკაცრი სამთავრობო პოლიტიკა და სუბსიდიები, კორპორაციების ემისიათა წმინდა ნულოვანი მიზნები და ინოვაციები მზის ენერგიის შენახვის, მოტივტივე ელექტროსადგურებისა და შენობაში ინტეგრირებული ფოტოელექტრული სისტემების ტექნოლოგიებში.
ინდუსტრიის უპირობო ლიდერი ჩინეთია რჩება, სადაც მზის ელექროსადგურების დადგმული სიმძლავრე 890 000 მეგავატს აღწევს. ჩინეთი მზის ენერგიის ბაზარზე შიდა მონღოლეთსა და სინძიანგში მოქმედი მასობრივი ელექტროსადგურებით, დაბალფასიანი წარმოებითა და მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკით დომინირებს.
ჩინეთი მსოფლიოში მზის ყველაზე მასშტაბური ელექტროსადგურების რაოდენობითაც ლიდერობს. ტოპ 10 უმსხვილესი პროექტიდან, 5 სწორედ ამ ქვეყანაში განხორციელდა. ამ რეიტინგის მოწინავე პოზიციებზე აზიასთან ერთად, სპარსეთის ყურისა და აფრიკის ქვეყნებს ვხვდებით.
ჩინეთი, სინძიანის ელექტროსადგური - 5 000 MW
მსოფლიოში მზის უდიდესი ელექტროსადგური ჩინეთში, სინძიანში მდებარეობს. მისი დადგმული სიმძლავრე 5 000 მეგავატია. ეს უზარმაზარი ელექტროსადგური ქსელს 2024 წლის 3 ივნისს შეუერთდა და მას იმდენი ენერგიის გამომუშავება შეუძლია, რომ თეორიულად, ლუქსემბურგის ან პაპუა-ახალი გვინეის ზომის ქვეყანას მთელი წლის განმავლობაში ეყოფა. 
ჩინეთი, გოლმუდის ელექტროსადგური - 2 800 MW
რეიტინგში მეორე ადგილზე 2 800 მეგავატის სიმძლავრის ელექტროსადგურია, რომელიც ასევე ჩინეთში, გოლმუდში მდებარეობს. ეს უჩვეულოდ შთამბეჭდავი პროექტია, სადაც სუფთა ენერგიის გამომუშავებაზე თითქმის შვიდი მილიონი მზის პანელი მუშაობს. ჩინეთს გოლმუდის მზის პარკთან დაკავშირებით დიდი ამბიციები აქვს - იმედოვნებს, რომ მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში მისი სიმძლავრე 16 000 მეგატავს მიაღწევს.
ინდოეთი, ბადლას ელექტროსადგური - 2 700 MW
ბადლას ელექტროსადგური ინდოეთში მდებარეობს, 2 700 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს და 56 კვადრატულ კილომეტრს, ანუ თითქმის მანჰეტენის ზომის ტერიტორიას იკავებს. ელექტროსადგური თავისი მდებარეობითაც გამორჩეულია, რაჯასტანის რეგიონი საშუალოდ კვადრატულ მეტრზე დღეში მზისგან 7.57 კილოვატ/საათ დასხივებას იღებს, წელიწადში 300 მზიანი დღე კი იდეალურია ელექტროენერგიის გენერაციისთვის. 
არაბთა გაერთიანებული საამიროები, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის მზის ელექტროსადგური - 2 620 MW
არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომლებიც ნავთობის უზარმაზარი მარაგებით არის ცნობილი, მსოფლიოში სიდიდით მესამე მზის ელექტროსადგურსაც მართავს. მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის მზის ელექტროსადგური 214 კვადრატულ კილომეტრზეა გაშენებული და 2 620 მეგავატს გამოიმუშავებს, 5 000 მეგავატამდე გაზრდის პერსპექტივით.
ელექტროსადგური ენერგიით უკვე ამარაგებს 270 000 სახლს და ყოველწლიურად დაახლოებით 1.4 მილიონი ტონა CO2-ის გამოყოფას ამცირებს, რაც კარგია მაჩვენებელია, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ერთ სულ მოსახლეზე გამონაბოლქვის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
ინდოეთი, პავაგადას ელექტროსადგური - 2 000 MW
რეიტინგის ხუთეულს ინდოეთი პავაგადას ელექტროსადგურით ხურავს. 53 კვადრატულ კილომეტრზე გაშენებულ პარკს 2 000-ზე მეტი მეგავატის დადგმული სიმძლავრე აქვს. 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ელექტროსადგური იმ 20 მილიარდიანი დაფინანსების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ინდოეთმა 2024 წლამდე განახლებადი ენერგიის განვითარებაზე დახარჯა.
TOP 10 უდიდეს მზის ელექტროსადგურში ასევე ხვდებიან, MW:
6. ბენბანის მზის ენერგიის პარკი - ეგვიპტე - 1 800
7. ტენგერის უდაბნოს მზის პარკი - ჩინეთი - 1 500
8. ნურ აბუ-დაბის მზის ენერგიის პროექტი - არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1 200
9. დატონგის მზის ენერგიის ზედა საყრდენი ბაზა - ჩინეთი - 1 100
10. ჯინჩუანის მზის პარკი - ჩინეთი - 1 030




























