2022 წელს მსოფლიოში 16 მილიარდ 290 მილიონი დოლარის, 122 მილიონზე მეტი კარატი ალმასი მოიპოვეს. ალმასის მოპოვებაში მსოფლიოში სულ 22 ქვეყანა მონაწილეობს, რომლებიც ძვირფას წიაღისეულს მათ ტერიტორიაზე არსებული საბადოებიდან მოიპოვებენ.
მსოფლიოში ალმასის უმსხვილესი მომპოვებელი ქვეყანა, რაოდენობის თვალსაზრისით - რუსეთია, რომელმაც გასულ წელს 42 მილიონი კარატი მოიპოვა, რაც ალმასის მწარმოებელი სხვა უმსხვილესი ქვეყნების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. ეს ფაქტი კი იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანა ალმასის წარმოებას სავარაუდოდ სანქციების გვერდის ავლით განაგრძობს. იმ სანქციების, რომლებიც ევროკავშირმა, ბრიტანეთმა და აშშ-მა გასულ წელს რუსულ უმსხვილეს მწარმოებლებს დაუწესა, იმ მოტივით, რომ ისინი პუტინს სასტიკი ომის წარმოებაში ეხმარებოდნენ.
მეორე ადგილზე არის ბოტსვანა, რომელმაც გასულ წელს 24 მილიონ 752 ათასი კარატი მოიპოვა. ხოლო მესამე პოზიციაზე ხვდება კანადა, ამ შემთხვევაში მოპოვებული ალმასის მოცულობა 16 მილიონ 249 ათასი კარატით განისაზღვრა. მეოთხე და მეხუთე პოზიციებზე კი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სამხრეთ აფრიკა ხვდება. თითოეული მათგანის შემთხვევაში მოპოვებულმა ძვირფასმა წიაღისეულმა 9 მილიონს გადააჭარბა.
რეიტინგის ათეულში დარჩენილი პოზიციები კი ასე ნაწილდება:
ანგოლა - 8.7 მილიონი კარატი
ზიმბაბვე - 4.4 მილიონი კარატი
ნამიბია - 2.05 მილიონი კარატი
ლესოთო - 727 ათასი კარატი
სიერა ლეონე - 688 ათასი კარატი
ტანზანია - 375 ათასი კარატი
როგორც სხვა უმეტესი ბუნებრივი რესურსის შემთხვევაში, ალმასის მოპოვებაც მსოფლიოში არათანაბრადაა განაწილებული. 2022 წელს ამ ათ ქვეყანაზე გლობალურად მოპოვებული ალმასის 99.2%-ი მოდიოდა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ დიდი ოდენობის კარატის მოპოვება ამავე პროპორციით სულაც არ არის ასახული მის ღირებულებაზე, რადგან ბრილიანტის ფასზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დამუშავების მეთოდები, ფერი და გამჭვირვალობა. მაგალითად, ბოტსვანა, რომელიც მართალია 70%-ით ნაკლებს მოიპოვებს ვიდრე რუსეთი, თუმცა ამ ქვეყანაში მოპოვებული ალმასის ჯამური ღირებულება 1.5-ჯერ აღემატება რუსეთში მოპოვებული ალმასის ღირებულებას. რუსეთში გასულ წელს 3 მილიონ 335 ათასი დოლარის ალმასი მოიპოვეს, მაშინ როცა ბოტსვანაში ეს ღირებულება 4 მილიონ 975 ათასი დოლარით განისაზღვრა.
რაც შეეხება ანგოლას, მართალია ის ალმასის მომპოვებლებში, მოცულობის თვალსაზრისით, მე-6 ადგილას მოხვდა, თუმცა ღირებულების მიხედვით ის მე-3 ადგილზე ინაცვლებს. ანგოლაში გასულ წელს 1 მილიონ 965 ათასი დოლარის ალმასი მოიპოვეს. ერთი პოზიციით უკან ინაცვლებს კანადა და ის 1 მილიონ 877 ათასი დოლარის ღირებულების მოპოვებული ალმასით მეოთხე პოზიციას დასჯერდა.
მეხუთე პოზიციაზე კი, 1 მილიონ 538 ათასი დოლარის მოპოვებული ალმასით კვლავ სამხრეთ აფრიკა ხვდება. როგორც ჩანს ქვეყანაში მოპოვებული წიაღისეული შესაბამისად ფასობს კიდეც. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებში ძირითადად ძვირად ღირებულ, უხეშ ალმასებს აწარმოებენ, განსხვავებით რუსეთისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისგან, სადაც ალმასებს ძირითადად სამრეწველო გამოყენებისთვის აწარმოებენ.
რაც შეეხება კონტინენტურ განაწილებას. აფრიკაში მოპოვებული ალმასის მოცულობით გლობალური ბაზრის 51.4%-ს აკონტროლებს, ხოლო ღირებულებით თვალსაზრისით მისი წილი 66%-ს აჭარბებს. ყველაზე ძვირად ღირებული ალმასები კი ჩრდილოეთ ამერიკაში მოიპოვება, რომელზეც ჯამურად მოპოვებული 16 მლრდ 290 მილიონი დოლარის ღირებულების ალმასებიდან 52.8%-ი მოდის. რაც შეეხება ევროპას, კონტინენტი მოპოვებული კარატების მოცულობით 35%-ს, ხოლო ღირებულების მხრივ ბაზრის 33%-ს აკონტროლებს.