დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ირწმუნება, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში მობილიზებული covid-საწოლები საკმარისია და საველე ჰოსპიტლების მოწყობის საჭიროება არ არის. მისივე ინფორმაციით, ამჟამად საავადმყოფოებში 5000-მდე მოქალაქე მკურნალობს, რაც ინფიცირებულთა საერთო მაჩენებლის 30%-ია და ეს მაჩვენებელი კარგი მენეჯმენტის პირობებში 15%-მდე უნდა შემცირდეს.
გარდა ამისა, გამყრელიძის ინფორმაციითვე, დამატებით 3000-მდე საწოლის მობილიზებაა შესაძლებელი და სულ საავადმყოფოებში 8500 საწოლის საშუალება იქნება.
„მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა სივრცეების მობილიზებაზე. რას დაარქმევთ ამას, მნიშვნელობა არ აქვს. თუ საჭიროება გახდა, ეს საკითხები განიხილება. მნიშველოვანია ე.წ. ტრიაჟი, რამდენად სწორად გავაკეთებთ პაციენტების განაწილებას. მთელი რიგი ინდიკატორების მიხედვით, დღეს მყოფი პაციენტები საავადმყოფოებში ყოფნას არ საჭიროებენ. თუ განთავსების მაჩვენებელი 15%-მდე დავწიეთ, საველე ჰოსპიტლები არ დაგვჭირდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მედია დაინტერესდა, განიხილება თუ არა სპორტის სასახლეში საერთო სივრცის მოწყობა, რაზეც NCDC-ს ხელმძღვანელმა შემდეგი პასუხი გასცა:
"რატომ ხართ სპორტის სასახლეზე ასე ჩაციკლული?! შეიძლება მის გარდა ბევრი სივრცე იქნას განხილული. რატომ მაინცდამაინც სპორტის სასახლე?! თუ ქვეყანას დასჭირდა, გამოვიყენებთ იმ სივრცეს, რომელიც საჭირო იქნება; რატომ არ შეიძლება, მაგალითად, საგამოფენო სივრცეების მოწყობა, სამხედრო სივრცეებია? შეიძლება ყველაფერი იქნას განხილული“, - განმარტა გამყრელიძემ.




























