მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად შეხვდებიან ტრამპი და პუტინი?

ტრამპი და პუტინი

პარასკევს, 15 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ლიდერები უკრაინაში ომის დასრულებას ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯის ჩრდილოეთით მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ ეს ტრამპსა და პუტინს შორის პირველი შეხვედრა იქნება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

შეხვედრის ადგილად ალასკის არჩევა შემთხვევითი არ არის. აშშ-ის ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე შტატს სტრატეგიული და სიმბოლური პოზიცია უჭირავს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში, რომლებიც საუკუნეების ისტორიას ითვლის. შეერთებულმა შტატებმა ეს ტერიტორია რუსეთის იმპერიისგან 158 წლის წინ იყიდა.

ალასკა, რომელიც ოდესღაც რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო, 1867 წელს აშშ-მ 7,2 მილიონ დოლარად შეიძინა, რაც დაახლოებით დღევანდელ 156 მილიონ დოლარს უტოლდება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრამპის პირველი ვიზიტი იქნება ალასკაში პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებიდან, პირველი ვადის განმავლობაში მან რამდენჯერმე მოინახულა ელმენდორფ-რიჩარდსონი. პუტინი კი რუსეთის პირველი პრეზიდენტია, რომელიც ანკორიჯს ეწვევა.

რას წარმოდგენს ელმენდორფ-რიჩარდსონის გაერთიანებული ბაზა?

სამხედრო ბაზა, სადაც ტრამპი და პუტინი შეხვდებიან, აერთიანებს საჰაერო ძალების ელმენდორფის ბაზას და აშშ-ის არმიის ფორტ რიჩარდსონს. ეს ალასკის უდიდესი სამხედრო ბაზაა, სადაც 32 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს - ანკორიჯის მოსახლეობის დაახლოებით 10%.

ბაზა ოფიციალურად 2010 წელს ჩამოყალიბდა და 12 გაერთიანებული ბაზიდან ერთ-ერთია, რომელიც ბაზების განლაგებისა და დახურვის კომისიის 2005 წლის რაუნდის შესაბამისად შეიქმნა. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ობიექტს უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს, ელმენდორფის ბაზა 1940 წელს დაარსდა, ასევე ფორტ რიჩარდსონი დაახლოებით იმავე პერიოდში.

ბაზას განსაკუთრებულ როლს მდებარეობა სძენს, რაც მას ეროვნული თავდაცვის მთავარ აქტივად აქცევს. ცივი ომის დროს, კონგრესის ბიბლიოთეკის ცნობით, ბაზა „განსაკუთრებით მნიშვნელოვნად“ ითვლებოდა აშშ-ს მაშინდელი საბჭოთა კავშირისგან დასაცავად.

გარდა ამისა, ბაზა სამხედრო ოპერაციებისთვის მნიშვნელოვან ლოგისტიკურ და საორგანიზაციო ცენტრს წარმოადგენს, როგორც ალასკაში, ასევე სხვა რეგიონებში, მაგალითად, შორეულ აღმოსავლეთში. დამატებით, მისი უნიკალური რელიეფი და საჰაერო სივრცე იდეალურ ადგილად აქცევს სამხედრო წვრთნებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები