ფსიქოლოგმა ელენე ჯაფარიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ Gen Z-ის (Generation Z) სამოქალაქო აქტივობის შემცირებისა და საპროტესტო აქციებზე ნაკლებად გამოჩენის სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრა.
„შეკითხვიდან იწყება ქმედება“ - ამბობს ფსიქოლოგი და იქვე აღნიშნავს, საკუთარი მოსაზრება - სად წავიდა Gen Z - ახალგაზრდებთან გასაუბრების შემდეგ ჩამოაყალიბა.
„თუ ჩვენ შეკითხვა არ დავსვით, ვერ ავაგებთ სწორ სამუშაო პროცესს, რადგან ჩემს წარმოდგენაში რატომ არ გამოდის Gen Z, შესაძლოა, საერთოდ არ შეესაბამებოდეს რეალობას. რამდენიმე კითხვა დავუსვი Gen Z-ებს და იმ კონკრეტული ადამიანებისგან პასუხად მივიღე - „ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ ხერხით/გზით მივაღწევთ მიზანს“; როდესაც დამატებით ვკითხე - "გაქვთ, რაიმე კონკრეტული გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ?", პასუხი იყო - "არ ვიცი, მე რატომ უნდა მქონდეს ეს გეგმა?! მე საერთოდ სხვა გეგმები უნდა მქონდეს ჩემი ასაკიდან და ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე", - გვიყვება ელენე ჯაფარიძე.
ელენე ჯაფარიძის განცხადებით, ახალგაზრდების ნაწილი ქვეყნიდან წავიდა ან სასწავლებლად გაემგზავრა, ხოლო დარჩენილ ნაწილს "იმედები ძალიან გაუცრუვდა“. გარდა ამისა, მისი თქმით, Gen Z-ისთვის ისეთი პროცესი, რომელიც "გულისხმობს რუტინულ, სისტემატურ, ყოველგვარი „ექშენის“ და ყოველგვარი ჰაიპის გარეშე პროცესს, საკმარისი არ არის."
ფსიქოლოგის აზრით, პრობლემა მხოლოდ ახალგაზრდებში არ არის, არამედ - უფროსი თაობისა და პოლიტიკური აქტორების მხრიდან არასწორ მიდგომებშიც, ამიტომ მათ კითხვების დასმისკენ და კომუნიკაციის სწორი ფორმის მოძებნისკენ მოუწოდებს.
ასევე, ელენე ჯაფარიძე მედიასაშუალებებს ურჩევს, დაუსვან კითხვები Gen Z-ს, რათა მეტი გავიგოთ ამ თაობის შეხედულებების შესახებ.
"მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ თაობათა შორისი სხვაობა - ის, რომ ჯენზი წავიდა [რუსთაველიდან], არ შეიძლება დავაბრალოთ მარტო ჯენზის, რომ „აი, ჯენზი ასეთია - მოდის მაშინ, როცა არის „ფოიერვერკი“ და არ მოდის მაშინ, როდესაც არის რუტინა“, - ამბობს ფსიქოლოგი.
რატომ „გამოეთიშა“ Gen Z უწყვეტ პროტესტს? - ამ თემაზე ელენე ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტიც გამოაქვეყნა, რომელსაც BMG უცვლელად გთავაზობთ:
„რატომ იყვნენ Gen Z -ები წინა ხაზზე 2024-ში?
2024 წლის გაზაფხულსა და დეკემბერში ჯენზისთვის პროტესტი იქცა საიდენტიფიკაციო მომენტად:
ევროპა მათთვის ნიშნავს ნორმალურ ცხოვრებას:
თავისუფლება, სწავლა, მოგზაურობა,
თვითრეალიზაცია, არა მხოლოდ „პოლიტიკური კურსი“;
ქუჩაში გამოსვლა იყო „მე ამ მხარეს ვდგავარ“ განაცხადის ფორმა, არა პარტიისთვის, არამედ:
o საკუთარი მომავლისთვის,
o საკუთარი მეგობრებისთვის,
o იმ სამყაროსთვის, სადაც ამ თაობას სურს ცხოვრება.
ეს იყო მათი „coming of age“ – გაზრდის რიტუალი: „ჩვენ უკვე ბავშვები აღარ ვართ, გვაქვს ხმა და ვამბობთ: ასე ვერ გაგრძელდება.“
რატომ „გამოეთიშა“ Gen Z-ი უწყვეტ პროტესტს?
- ფრუსტრაცია და იმედგაცრუება - პოლიტიკოსები ვერ გაერთიანდნენ, ვერაფერზე შეთანხმდნენ და მეტიც - ერთმანეთის კონკურენტებადაც კი იქცნენ;
- პროტესტის ფორმა შეიცვალა – მათთვის პროტესტი „ქულ“ და დინამიკური აღარ იყო;
- ვეღარ გაიგეს და დაინახეს - მიზანი, ამოცანა და ქმედითი ნაბიჯები, რომელიც მიზნისკენ მიდის და შედეგის მომტანია.
- სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი - დატოვეს ქვეყანა, წავიდნენ სასწავლებლად, სამუშაოდ ან მიდიან, რადგან ქვეყანაში საკუთარ მომავალს ვეღარ ხედავენ.
ჩემი დაკვირვებით, ჯენზი ძალიან ძლიერად რეაგირებს ფორმაზე - მათთვის პროტესტი უნდა იყოს:
o ენერგიული,
o ვიზუალური,
o კრეატიული,
o მუსიკით, მემეებით, ინტერაქტიული კონტენტით გაჯერებული.
როდესაც პროტესტი გადაიქცა რუტინად:
o ერთი და იგივე ქმედება,
o ერთი და იგივე ტექსტები,
o ერთი და იგივე სტრუქტურა („ვიკრიბებით – ვუსმენთ – ვიშლებით“) - მათი ინსპირაციაც, ენერგიაც, რწმენაც და მოტივაციაც დაეცა.
„ტიკტოკის“ თაობას, რომელსაც უჭირს 2-საათიანი ფილმის ყურება,
100-გვერდიანი ტექსტის დაძლევა,
ნაკლებ-დინამიკურ კონტენტს საერთოდ არ აღიარებს,
2 წუთში ცდილობს ყველაზე მთავარი და ძირითადი ინფორმაცია მიიღოს;
350 დღე ერთსა და იმავე ფორმატში პროტესტზე დგომა - სრულიად არ ერგება მის ნერვულ სისტემას და ფსიქიკას.
ეს არ ნიშნავს, რომ ჯენზი ჩვენს იდეებსა და ღირებულებებს აღარ იზიარებს!
ეს ნიშნავს, რომ გზა, რომელიც ჩვენ, მილენიალებმა და უფროსმა თაობამ ბუნებრივად შევქმენით - ჩვენი დინამიკისა და ჩვენი თაობისთვის დამახასიათებელი პატერნების გათვალისწინებით - მათ დინამიკას სრულად ვერ და არ იზიარებს.
ამის გარდა, ჩვენ მათთან კომუნიკაციის სწორი ენა და არხი გამოგვრჩა!
„ფეისბუქზე“ გამოხატული ჩვენი მოწოდებები და პროტესტი - ჯენზიმდე არ მიდის.
ისინი სხვა ენაზე და სრულიად სხვა არხებით კომუნიცირებენ, რაც პროაგანდას არ გამორჩენია!
შეიხედეთ „ტიკტოკზე“ - პროპაგანდა მუშაობს!
რაზე “დრაივდება” Gen Z-ი?
იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ გავაღვიძოთ მათი პროტესტი, უნდა ვკითხოთ: რა ამოძრავებს მათ?
ჩემი დაკვირვებით:
ავთენტიკურობა - მათ სჭირდებათ ლიდერები და ინიციატივები, რომლებიც მართლა ცხოვრობენ იმ ღირებულებებით, რაზედაც საუბრობენ.
შემოქმედებითობა და ფორმა
ხელოვნება, მუსიკა, ვიდეო, მემები, პერფორმანსი, იუმორი – ეს მათი ენაა; აქცია, რომელსაც არ აქვს არცერთი კრეატიული ელემენტი, უბრალოდ „სკრიპტად“ აღიქმება.
მათთვის პროტესტი არის კულტურული მოვლენა, არამხოლოდ პოლიტიკური პროცედურა.
უშუალო გავლენის განცდა - ჯენზი არ ელოდება დიდ ისტორიულ გამარჯვებებს 10–20 წლის ჭრილში. ის უნდა ხედავდეს: პატარა, მაგრამ კონკრეტულ ცვლილებებს.
რეალური ისტორიები: „აი, ეს ოჯახი დავიცავით“, „ეს სტუდენტი არ გაუშვეს უნივერსიტეტიდან“.
აბსტრაქტული დაპირება „ერთ დღეს ან ბოლოს მაინც გავიმარჯვებთ“ მათთვის ცარიელი ფრაზაა, თუ არ ახლავს პატარა, მაგრამ თვალსაჩინო შედეგები.
ჰორიზონტალური სტრუქტურა - ის არ აღიარებს ბრმა ავტორიტეტებს;
მათ სჭირდებათ თანამონაწილეობა გადაწყვეტილებებში, დიალოგი, არა ინსტრუქცია.
რა უნდა გაკეთდეს, რომ Gen Z-მ პროტესტი გამოხატოს მოქმედებაში?
ეს არ უნდა იყოს მხოლოდ მოწოდება - „მობრძანდით რუსთაველზე“.
ეს უნდა იყოს სტრატეგიული ამოცანა: როგორ ვაქციოთ მათი პოტენციალი მოქმედ ძალად.
კითხვა, რომელიც უფროსებმა უნდა დავუსვათ:
- რა იდეები გაქვთ?
- რა გჭირდებათ, რომ ეს იდეა განახორციელოთ?
ჯენზი პროტესტიდან ფიზიკურად კი დაიკარგა, მაგრამ რეალურად არსად გაუჩინარებულა.
ეს თაობა ისევ ფიქრობს იმ იდეალებზე, რის გამოც ქუჩაში გამოვიდა;
ისევ სტკივა, როდესაც ხედავს უსამართლობას;
უბრალოდ აღარ ენდობა ფორმებს, რომლებიც:
o ცარიელია
o და აღარაფერს ცვლის.
ამიტომ დროა, პოლიტიკურმა ერთეულებმა და სტრუქტურებმა, ვინც აწყობს თავის სტრატეგიებს გაითვალისწინოს მათი ენა და მიდგომა და ეს თაობა მიიპატიჟოს.
მჯერა, რომ ამ თაობისგან იქით მეტის სწავლა შეგვიძლია და მათთან თანამშრომლობით შესაძლოა მართლაც გავიდეთ შედეგზე.
ბოლომდე!
P.S. მედიებმა იქნებ მოახერხონ და მეტი ჯენზის შეხედულება გავიგოთ? მართლა მინდა, კითხვები დაისვას და გაეცეს პასუხები - რას და როგორ ხედავენ.
ჩვენ ჩვენ თავს ველაპარაკებით, ჩვენში ვპოსტავთ და ჩვენსავე ფრუსტრაციებში და ბრაზში ვიხარშებით.
ფაქტი ერთია - როდესაც სცენიდან ქრება უდიდესი რაოდენობის ადამიანი - კრიტიკული შეკითხვა უნდა დავსვათ - რა მოხდა და ჩვენც ხომ არ გამოგვრჩა რამე?!“ - აცხადებს ფსიქოლოგი.



























