შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. უწყების ცნობით, ამოღებულია 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ შემცველი სითხე.
შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სადახლოს“ ტერიტორიაზე ირანის მოქალაქე დააკავეს.
სამინისტროს განმარტებით, ნარკოტიკული საშუალება ავტომობილში მალულად იყო განთავსებული. სამართალდამცველებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილი დეტალურად დაათვალიერეს და ნივთმტკიცებად ამოღებული 125 ლიტრი სითხე მოთავსებული იყო საწვავის სისტემის დამატებით ავზში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და 262-ე (ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) მუხლებით მიმდინარეობს.
აღნიშნული მუხლები, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, სასჯელის სახედ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























