სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები, - ეს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვის მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაა.
"რაც შეეხება ამ ცვლილების საფუძველს, ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი არის, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა განვამტკიცოთ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა და ამ კუთხით არის ერთი რამ ხაზგასასმელი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, ექვემდებარება უცხო იურისდიქციის გავლენას, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ხდება რუსეთში, ამერიკაში, ავსტრალიაში თუ ლიხტენშტაინში.
ნებისმიერ ქვეყანაში, ადამიანი თუ ცხოვრობს კონკრეტულ სახელმწიფოში, ის ექვემდებარება შესაბამისი იურისდიქციის გავლენას, რასაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმით ძალიან კონკრეტული გამოხატულება. ამის შედეგებს ვხედავთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჩვენ ვხედავთ, ზოგადად, რომ სხვადასხვა ქვეყანა პირდაპირ ცდილობს ჩვენს არჩევნებში ჩარევას“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, შეიძლება არ იყოს საუბარი კონკრეტული ინდივიდის დაშინებაზე, მაგრამ როდესაც ადამიანი ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, ბუნებრივად არის იმ იურისდიქციის გავლენის ქვეშ.
„მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შეიძლება ჰქონდეს ადამიანს იმის შიში, რომ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური პრეფერენციის გამოვლენის შემთხვევაში, მას არ გაუგრძელდება შესაბამისი ბინადრობის ნებართვა, მაგალითად ან სამსახურში ვერ შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს. თქვენ გახსოვთ, კამპანია ჰქონდათ აწეული იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ საელჩოში ხელისუფლების მხარდამჭერ ადამიანებს არ აძლევდნენ ვიზას.
აქედან ძალიან მარტივად ჩანს, რომ უცხოურ იურისდიქციას ძალიან მარტივად შეიძლება დაექვემდებაროს ადამიანი. ამ დროს, როდესაც შენი ქვეყნის საკითხებთან დაკავშირებით აკეთებ შენს არჩევანს, მთლიანად უნდა იყო თავისუფალი უცხოური იურისდიქციის გავლენისგან“, - განაცხადა კობახიძემ.
დღეს, 17 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს ემიგრანტებს საზღვარგარეთიდან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. დაგეგმილი ცვლილებებით, რომლებიც „საარჩევნო კოდექსში“ შევა, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ ცესკოს მონაცემებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთის უბნების უმრავლესობაში ოპოზიციამ გაიმარჯვა.




























