მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სადაზღვევო სექტორში წმინდა მოგების კლების ერთ-ერთი ფაქტორი ლარის გამყარებაა - დავით ონოფრიშვილი

დაზღვევა

დაზღვევის სექტორის მარეგულირებელი წლის პირველ ნახევარში 19 სადაზღვევო კომპანიის წმინდა მოგების შემცირებას კომპანიების ადმინისტრაციული ხარჯების ზრდით და კურსთა შორის სხვაობის გავლენით ხსნის.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის 6 თვეში 19 სადაზღვევო კომპანიის წმინდა მოგება შემცირდა. წლის პირველ ნახევარში სადაზღვევო კომპანიებმა 56 მილიონი ლარის მოგება გამოიმუშავეს, რაც წლიურად ₾11 მილიონით შემცირებული მაჩვენებელია.

"სადაზღვევო ბაზარი 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით გაიზარდა 13%-ით და მიაღწია 802 მლნ ლარს. წინასწარი პროგნოზით, 2025 წელს მოზიდული პრემია მიაღწევს 1,5 მლრდ ლარს. ამავე პერიოდში გაზრდილია აქტივები, კაპიტალი სადაზღვევო მოგება. ერთადერთ მაჩვენებელში - წმინდა მოგების კუთხით არის კლება 12 მლნ ლარამდე.

წლის ბოლოსთვის არ გამოვრიცხავთ ამ რიცხვის შემცირებას, თუმცა ეს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, რის პროგნოზირებაც ამ ეტაპზე შეუძლებელია.

არსებული კლება გამოწვეულია ორი ფაქტორით. პირველი ფაქტორი გახლავთ ის, რომ 6 თვეში კომპანიებს გაეზარდათ ადმინისტრაციული ხარჯები, უპირველეს ყოვლისა, ხელფასების ზრდის ხარჯზე, რაც არ არის გასაკვირი, რამდენადაც საშუალო ხელფასი ქვეყანაში მატულობს და განსაკუთრებით ეს ეხება მაღალკვალიფიციურ და ფინანსურ სფეროში დასაქმებულებს.

მეორე ფაქტორია ლარის გამყარება. ეროვნული ვალუტის გამყარება სექტორს დაეტყო იმ მხრივ, რომ მათ ანგარიშები ნაწილობრივ აქვთ უცხოურ ვალუტაში. როგორც იცით, ჩვენ ვითხოვთ მათ მინიმალური კაპიტალი (შეადგენს 7,2 მლნ. ლარს) განათავსონ ბანკებში, საიდანაც ისინი სადეპოზიტო განთავსებიდან შემოსავალს იღებენ. სწორედ უცხოური ვალუტის განთავსებიდან მიღებული შემოსავლები ლარში შეუმცირდათ.

აქვე აღსანიშნავია, რომ ამდაგვარი თუნდაც მინიმალური სავალუტო რყევების მინიმიზაციისა და ლარიზაციის პროცესის განსამტკიცებლად წლის დასაწყისში ჩემი ბრძანებით კომპანიებს გაეგზავნათ მოთხოვნა, რომ მომავალი წლის იანვრისთვის მათი კაპიტალის მინიმუმ ნახევარი უნდა იყოს განთავსებული ლარში.

ამ პირველ ეტაპზე ეს არის მინიმუმ კაპიტალის 50%-ის სავალდებულო განთავსება ლარებში, დავაკვირდებით მიღებულ შედეგებს და არ გამოვრიცხავ, მომავალში გავზარდოთ ეს მაჩვენებელი, თუმცა ამას მომავალ წელს შედეგებიდან გამომდინარე გადავწყვეტთ”, - განაცხადა BM.GE-სთან ინტერვიუში დავით ონოფრიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები