მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო სექტორი დაზღვევის პაკეტების გაძვირებას ვარაუდობს

62bb15ec0e1f1
მარიამ იზორია
28.06.22 20:27
1227
სადაზღვეო სექტორის წარმომადგენლები სადაზღვეო პაკეტებზე ფასების ზრდას ვარაუდობენ.

როგორც კომპანიები bm.ge-სთან აღნიშნავენ, ინდუსტრიაზე ზეგავლენას ინფლაცია და გაზრდილი ხარჯი ახდენს.

“არდის” გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე bm.ge-სთან აცხადებს, რომ ფასების ზრდა ავტოდაზღვევის პაკეტებზე უკვე აისახა, ამასთან დაახლოებით 15%-იანი ზრდაა სამედიცინო დაზღვევის შემთხვევაში.

მისივე განმარტებით, ეს ტენდენცია იქამდე შენარჩუნდება, სანამ ფასების სტაბილიზაცია არ მოხდება.

“ახლა სექტორზე ინფლაციური წნეხია, რის გამოც ფასები გაზრდილია. ეს შემდგომშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენს სექტორში თითოეული კომპონენტის გაძვირება პაკეტებზე აისახება. მაგალითისთვის, როდესაც ავტომობილების ნაწილების ფასები იზრდება, ან ძვირდება მედიკამენტები და სამედიცინო სერვისები, ეს პაკეტებზეც მოქმედებს.

წლევანდელი მონაცემებით, ფასების ზრდა ავტოდაზღვევის პაკეტზე უკვე აისახა. ანალოგიურად სამედიცინო დაზღვევაზეც, რადგან ის საშუალოდ 15%-ით არის გაზრდილი”, - ამბობს მიხეილ ჯაფარიძე.

ინფლაციურ წნეხზე საუბრობს “ბბ დაზღვევის” გენერალური დირექტორიც. კოტე სულამანიძის განმარტებით, სადაზღვევო პაკეტებზე ფასმა, შესაძლოა, 20-30%-ით მოიმატოს.

“ინფლაციის გამო ზარალის რეგულირების ხარჯი ძვირდება, ამაზე, რა თქმა უნდა, ადაპტირდებიან კომპანიები და ადეკვატურ ფასებს წარმოქმნიან. ამ დროისთვის ერთწლიანი ტარიფების სისტემა მოქმედებს და მომხმარებლები სერვისებს იგივე ფასად იღებენ, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ტარიფები შეიცვლება.

წინასწარ კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი რთულია, თუმცა საორიენტაციოდ ეს იქნება 20-30%-მდე მატება. ამასთან, შესაძლოა ტარიფები უცვლელი დარჩეს, ამის კომპენსირება კი პაკეტის ცვლილებით მოხდეს” - განმარტავს “ბბ დაზღვევის” გენერალური დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები