მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო სექტორზე “ესტონური მოდელის” გავრცელება ინვესტორების მოძიებას გაგვიმარტივებს - „არდი“

6370e6c52e816
თინათინ ნათმელაძე
13.11.22 17:30
660
მოგების გადასახადის „ესტონური მოდელი“ საფინანსო სექტორზე, რომელიც საბანკო და სადაზღვევო სფეროებს მოიცავს, 2023 წელსაც არ გავრცელდება. აღნიშნული BMG-ის ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დაუდასტურა.

ე.წ. „ესტონური მოდელის“ სადაზღვეო სექტორზე გავრცელების მნიშვნელობაზე გადაცემა „საქმიან დილაში“ „არდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ ისაუბრა. მისი თქმით, მიღებული მოგების ისევ კომპანიის განვითარებაში რეინვესტირებას სადაზღვეო კომპანიებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

მიხეილ ჯაფარიძის აზრით, საბანკო და სადაზღვევო სექტორი ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დარგია, რასაც მათი წლიური ბრუნვა და მოგებაც მოწმობს, ამიტომ უსამართლო იქნება, თუ კი საბანკო სექტორთან ერთად, გადასახდის ესტონური მოდელის ამოქმედება სადაზღვევო ინდუსტრიისთვისაც გადავადდება.

„თავიდანვე, ჩვენი მთავარი არგუმენტი, როდესაც ეს გადავადება მოხდა, იყო ის, რომ ძალიან დიდი სხვაობაა საბანკო და სადაზღვეო ინდუსტრიას შორის - ბიზნესის ზომაში თუ კაპიტალის რესურსში და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ნებისმიერი რესურსი, რაც კომპანიაში დარჩება, მოხმარდეს ისევ კომპანიას. საბანკო ინდუსტრიის წმინდა მოგება ორჯერ მეტია, ვიდრე სადაზღვევო კომპანიების ბრუნვა და სახელმწიფო ბიუჯეტში ჩვენი კონტრიბუცია საბანკო კონტრიბუციასთან შედარებით, მიზერულია. ვფიქრობთ, ამ ორი სფეროს ერთად განხილვა და მოდელის ამოქმედების ჩვენთვისაც გადავადება, არ არის სამართლიანი.

ბევრმა არ იცის, მაგრამ სადაზღვევო კომპანიები, მიუხედავად იმისა, იქნებიან თუ არა მოგებაზე, წლიური ბრუნვის 1%-ს მაინც იხდიან, ეს გადასახადი საბანკო ინდუსტრიას არ აქვს. აღნიშნული 1%, შესაძლოა, ფისკალურად იმაზე მეტი იყოს, ვიდრე მოგების გადასახადი, თანაც ამას ის კომპანიებიც იხდიან, რომლებიც მოგებაზე საერთოდ ვერ გადიან.
წელს სადაზღვევო ინდუსტრიამ საერთო ჯამში მოგების სახით, 2 მილიონი ლარი გადავიხადეთ, რაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ზღვაში წვეთია, ამიტომ ე.წ. ესტონური მოდელის ჩვენს სექტორში ამოქმედებით ბიუჯეტს დიდი დანაკლისი არ ექნება“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

მისივე აზრით, სადაზღვევო კომპანიებზე მოგების გადასახადის ესტონური მოდელის გავრცელება, უცხოელ ინვესტორებთან კომუნიკაციას და მათ დაინტერესებასაც გაამარტივებს, რადგან, როგორც ‘’არდის’’ აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, ინსტიტუციური საერთაშორისო ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია, როდესაც სახელმწიფო კომპანიებს, რომლებიც მოგების რეინვესტირებას კვლავ თავიანთ განვითარებაში, ტექნოლოგიებსა და ადამიანურ კაპიტალში ახდენენ, საგადასახადო შეღავათს აძლევს.

მიხეილ ჯაფარიძე "საქმიანი დილის’’ ეთერში აცხადებს, რომ სადაზღვევო ზედამხედველს მუდმივი კომუნიკაცია აქვს შესაბამის უწყებებთან.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ, ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებენ, რადგან სხვა ქმედება ძალიან უსამართლო იქნება სადაზღვევო ინდუსტრიასთან მიმართებით; ეს იქნება ჩვენი სექტორის განვითარების შეფერხებისთვის გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ აღნიშნული თანხა უნდა მოვახმაროთ ჩვენს დაზღვეულებს, ტექნოლოგიურ განვითარებას და თანამშრომლებს, რადგან კონკურენციაში ვართ სხვა სფეროებთან და გვჭირდება, რომ ტალანტები მოვიზიდოთ“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის: მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საქართველოში 2018 წლიდან მოქმედებს და ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება. 2018 წელს ითქვა, რომ აღნიშნული შეღავათი საფინანსო სექტორს 2019 წლიდან შეეხებოდა, შემდეგ - 2023 წლიდან, მაგრამ როგორც ირკვევა, საფინანსო სექტორზე ის შემდეგ წელსაც არ გავრცელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები