სადეპუტატო კითხვის უფლებით „ქართული ოცნების“ პარლამენტის მხოლოდ ორმა წევრმა ისარგებლა. შესაბამის პორტალზე წელს, მხოლოდ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, გივი მიქანაძის სადეპუტატო კითხვა ფიქსირდება, რომლითაც 13 თებერვალს იუსტიციის მინისტრ ანრი ოხანაშვილს მიმართა. მეორე კითხვის ავტორი კი თენგიზ შარმანაშვილია, რომელიც მან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსს, გიორგი თვაურს გაუგზავნა.
მიქანაძის კითხვები არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულის სტატისტიკას ეხება, რომელზეც პასუხი "ოცნების" დეპუტატმა იუსტიციის მინისტრისგან გაგზავნიდან ერთ თვეში - 14 მარტს მიიღო, მაშინ როცა წესით, პასუხი მიქანაძეს ყოფილი კოლეგისგან 10 სამუშაო დღეში უნდა მიეღო.
ოხანაშვილის პასუხის თანახმად, 2024 წელს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტომ 147 საქმე მიიღო. ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს არასრულწლოვნების მიერ დანაშაულის ჩადენის სტატისტიკა 54-ს შეადგენდა, 2023 წელს - 35-ს, 2022 წელს კი - 34-ს.
თენგიზ შარმანაშვილის კითხვა კი შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ვადებს და სტატუსს ეხებოდა, პასუხი მან 7 დღეში მიიღო.
ცნობისთვის, 2024 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში 719 სადეპუტატო კითხვა გაიგზავნა.