მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სადრენაჟო მომსახურების ახალი ტარიფების დადგენის ვადა 2029 წლამდე გადავადდება

წყალუზრუნველყოფა

მთავრობამ პარლამენტში „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა.

კანონპროექტის მიხედვით, ჭარბი წყლის სადრენაჟო და დამშრობი ქსელით მოცილების, ტრანსპორტირებისა და გარემოში ჩაშვების მომსახურების ტარიფის განსაზღვრისა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადების ვადამ 2027 წლის ნაცვლად 2029 წლამდე გადაიწია.

"კანონპროექტის მიღებით, ორი წლით გადაიწევს „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა და ამ პერიოდში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს, სადრენაჟო მომსახურების ტარიფის დასადგენად, შესაბამისი კანონპროექტის მომზადებას და მისი მიღებისთვის საქართველოს პარლამენტში წარდგენას, ხოლო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) მიეცემა შესაძლებლობა, დამატებით ორი წლის განმავლობაში განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები, რის შემდეგაც დაადგენს ჭარბი წყლის სადრენაჟო, დამშრობი ქსელით მოცილებასთან, ტრანსპორტირებასა და გარემოში ჩაშვებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად სადრენაჟო მომსახურების ტარიფს, რაც სექტორში გრძელვადიან, სტაბილურ და გამჭვირვალე რეგულირებას უზრუნველყოფს", - წერია განმარტებით ბარათში.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ ცვლილება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ტარიფების ამოქმედება ორი წლით გადავადდა, დაინტერესებული პირების მიერ გადასახდელი საფასური „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშზე (და შესაბამისად, გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში) 2027 წლის ნაცვლად მხოლოდ 2029 წლიდან აისახება.

"კანონპროექტს ფინანსური გავლენა ექნება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, შპს - საქართველოს მელიორაცია ამჟამად სადრენაჟო მომსახურებას უწევს დაახლოებით 1300 პირს, რომლებიც იხდიან მომსახურების საფასურს ერთ ჰექტარზე წელიწადში 40 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ეს ტარიფი იმოქმედებს კიდევ ორი წლის განმავლობაში და ამ პირებს არ მოუწევთ ახალი, განსხვავებული ტარიფის გადახდა. გავლენის ოდენობა დამოკიდებულია ახალი ტარიფის ოდენობაზე", - აღნიშნულია კანონპროექტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები