გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილის განცხადებით, ატმისა და ვაშლატამას წლევანდელი მოსავლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. ამის შესახებ მან გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის და ვაშლატამას მოსავლის აღების და დაბინავების პროცესის გაცნობისას განაცხადა.
სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ მაღალია საექსპორტო ხილის საშუალო ფასიც, თუმცა რამდენია, არ დაუკონკრეტებია. მისივე ინფორმაციით, ექსპორტზე უკვე 16 მლნ დოლარის პროდუქტია გატანილი.
„ატამი და ვაშლატამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. დღეს გურჯაანში ადგილზე გავეცანით მოსავლის აღების პროცესს, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, 16 მილიონ დოლარზე მეტი უკვე ექსპორტირებულია. წლევანდელი მოსავლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. მნიშვნელოვანია, რომ საშუალო ფასი სტაბილურია. საკმაოდ მაღალი საშუალო ფასია საექსპორტო პროდუქციაზეც, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ის ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც სოფლის მეურნეობაში არსებობს და რომელიც სოფლის მეურნეობის სააგენტოს მიერ არის მხარდაჭერილი, ერთობლიობაში ქმნის პროდუქციის უწყვეტი მიწოდების ციკლს და შესაძლებლობას იძლევა, რომ შენარჩუნდეს საშუალო მაღალი ფასი და, აქედან გამომდინარე, თითოეული ადამიანი, ვინც ამ პროცესში არის ჩართული, მოყვანიდან რეალიზაციამდე, იყოს კმაყოფილი, რაც კიდევ ერთხელ აღინიშნა ფერმერებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
სოფელ ჩუმლაყში მინისტრი ადგილობრივ ფერმერებს და სამაცივრე მეურნეობის წარმომადგენლებსაც შეხვდა.
„პროდუქციის დაბინავება და რეალიზაცია შეფერხების გარეშე ხდება. 50-მდე სამაცივრე მეურნეობა გამართულად ფუნქციონირებს. ამ ინფრასტრუქტურის შექმნაში სახელმწიფო პროექტებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. მხოლოდ კახეთში სახელმწიფოს თანადაფინანსებით 25 გადამმუშავებელი საწარმოა შექმნილი. გარდა ამისა, შესაბამისი უწყებების კოორდინაციით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები. აქვე მინდა აღვნიშნო, მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის პროდუქცია მალფუჭებადია. გადატანის დროს გზაში დაყოვნების გარეშე მოძრაობა მნიშვნელოვანია. საპატრულო პოლიციის ჩართულობით ეს საკითხიც მოგვარებულია და დატვირთული მანქანები ტერმინალამდე შეუფერხებლად გადაადგილდებიან“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შემნახველი და გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სახელმწიფო აქტიურად აგრძელებს სექტორის მხარდაჭერას. კახეთის რეგიონში ატმის მიღების პროცესში სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით შექმნილი 50-ზე მეტი სამაცივრე მეურნეობაა ჩართული. რაც შეეხება გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის მიმართულებით სახელმწიფო მხარდაჭერას, მხოლოდ „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 111 გადამმუშავებელი საწარმოს შექმნა სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ 51 მლნ ლარზე მეტით არის თანადაფინანსებული, მათ შორის კახეთში - 25 საწარმო 11,6 მლნ ლარით.
ცნობისთვის, საქსტატს დღეისთვის ექსპორტის 6 თვის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც იანვარ-ივნისში საქართველოდან ატმისა და ნექტარინების ექსპორტი 3 მილიონ 848 ათას დოლარამდე გაიზარდა და ამ პერიოდში ქვეყნიდან 3 151 ტონა ხილი გადაიზიდა. [2024 წლის 6 თვე - 2 მილიონ 749 ათასი დოლარი, 2 537 ტონა].
ატმის მთავარი საექსპორტო ქვეყანა ტრადიციულად რუსეთია, სადაც წელს 3.6 მლნ დოლარის ღირებულების 2 918 ტონა ატამი გავიდა, მეზობელ სომხეთში წლის პირველ ნახევარში მხოლოდ 185 ათასი დოლარის 213 ტონა ამ დასახლების ხილი გავიტანეთ, ხოლო ბელარუსში ექსპორტი მოცულობები მცირე იყო და 20 ტონა ატამში ქვეყანამ მხოლოდ 33 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
წელს რუსეთში 1 კგ ექსპორტირებული ატმის ღირებულება საშუალოდ 1.2 დოლარია, მაშინ როდესაც გასულ წელს რუსეთში ატამი საშუალოდ 1.1 დოლარად გაიყიდა; სომხეთში - 0.8 დოლარი [2024 წლის 6 თვეში - 0.7 დოლარი] , ხოლო ბელარუსში 1.65 დოლარი.




























