მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საერთაშორისო ბაზარზე მთავარი გამოწვევაა, ენისა და კულტურის ბარიერი დავძლიოთ" - ნუკა შევარდნაძე

შევარდნაძე

შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება მეტ-ნაკლებად კერძო სექტორისა და ეკონომიკის ზრდაზეა დამოკიდებული - ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში კრეატიული სააგენტო Playmakers-ის მმართველმა პარტნიორმა, ნუკა შევარდნაძემ ისაუბრა.

"იქიდან გამომდინარე, რომ შემოქმედებითი ინდუსტრია არ არის ცალკე მდგომი, თვითმყოფადი სფერო, ნებისმიერი შემოქმედებითი გადაწყვეტა არის სხვისთვის, დამკვეთისთვის, თუ რამდენად გავშლით ფრთებს და რამდენად ინოვაციური იქნება ინდუსტრია, ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, ვინ არის მეორე მხარეს. ის რაც ხდება ეკონომიკაში, ბიზნესში, ქვეყანაში, მაინც აისახება შემოქმედებით ინდუსტრიაზე.

სწორედ ამიტომ, ადგილობრივი ბაზრის განვითარება მნიშვნელოვანია. თუ არსებობენ სააგენტოები, რომლებიც სრულად ექსპორტზე არიან დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ნაკლებად ეხებათ ეს და უცხოეთში განვითარების მეტი პოტენციალი აქვთ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში მაინც დიდწილად დამოკიდებულები ვართ კერძო სექტორის განვითარებაზე. ვერც იმას ვიტყვით, რომ ქართული ინდუსტრია ძალიან ჩამორჩება საერთშორისო დონეს, მაგრამ პოტენციალი დიდია", - განმარტავს ნუკა შევარდნაძე.

Playmakers-ის მმართველი პარტნიორი შემოქმედებით ინდუსტრიაში კონკურენციას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აფასებს. როგორც ის აღნიშნავს, საქართველოში მოთხოვნა მაღალია, უცხოური კომპანიებისთვის კი პრიორიტეტი ადგილობრივი სააგენტოების კომპეტენციაა.

"საქართველოში კონკურენცია მეგობრულია, პატარა ინდუსტრია ვართ, ცოტა ხანია რაც ვარსებობთ, თუმცა ძალიან საინტერესოდ ვითარდება ბაზარი. ცვლილებებიც საინტერესოა, ახალი სააგენტოების გამოჩენაც, ახალი თაობის მოსვლა. ჯერჯერობით მოთხოვნაც დიდია და მიწოდებაც ჰყოფნის.

რაც შეეხება გლობალურ კონკურენციას, როცა ლოკალური ბრენდია, ის ცდილობს, რომ თავისი კულტურიდან მოძებნოს სააგენტო, რომელიც მისი ბრენდის განვითარებაზე იმუშავებს. როცა საერთაშორისო ბაზარზე მუშაობ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ისაა, რომ გაქვს ენის ბარიერი, კულტურის და ა.შ. ამიტომ ჩვენც, როდესაც დამკვეთის მხარეს ვიყავით, მაინც უფრო გვიადვილდებოდა ლოკალურ სააგენტოსთან თანამშრომლობა, რადგან უფრო ესმით მომხმარებლის. ჩვენც როცა სხვა ბაზარზე მივდივართ, ესაა მთავარი გამოწვევა, რომ დავამტკიცოთ, რომ მაინც შეგვიძლია კომპანიას რამე სხვა, უფრო შემოქმედებითი გადაწყვეტა შევთავაზოთ", - განმარტა ნუკა შევარდნაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები