მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო კომპანია ბაკურიანის გათოვლიანების 90.5-მილიონიან შესყიდვაში სავარაუდო კორუფციაზე დავობს

62dfbb1d25fcd
შოთა ტყეშელაშვილი
26.07.22 14:14
920
დღეს ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა კომპანია MTA-მ, 2023 წლის საერთაშორისო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იტალიურ კომპანია TechnoAlpin-თან 90.5-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამ პროექტისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა TechnoAlpin-ის გარდა, LEITHER HTI ჯგუფის წევრმა კომპანია Demaclenko-მაც მიიღო. კომპანია აცხადებს, რომ MTA-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვა იყო გაუმჭვირვალე და სავარაუდოდ, სწორედ კომპანია TechnoAlpin-ზე მორგებული. მაისში გაკეთებულ განცხადებაში კომპანია აღნიშნავდა, რომ ისინი საქმეზე აუდიტის სამსახურისთვის მიმართვას გეგმავდნენ. საქმე ისაა, რომ Demaclenko-მ სახელმწიფოს იგივე მომსახურების განხორციელება მილიონობით ლარით იაფად შესთავაზა, მაშინ როდესაც TechnoAlpin-ის წინადადება ფაქტობრივად სატენდერო ფასის იდენტური იყო.

BMG-ის Demaclenko-ს იურისტმა კახა კოჟორიძემ განუცხადა, რომ კომპანია სამართლებრივ მოქმედებებს განაგრძობს, რადგანაც არსებობს ეჭვები ტენდერში ბუნდოვანი გარიგებების არსებობის თაობაზე.

“ჩვენ ჩართულები ვართ, იურიდიულ დახმარებას ვუწევთ და მთავრობის განკარგულება გამოთხოვილი გვაქვს, თავდაპირველი ეჭვები და პრეტენზიები რაც არსებობდა, ისევ რჩება - საჯარო ინფორმაცია საიტზე არ დევს. მივმართეთ აუდიტის სამსახურს, მომზადებულია ჩვენი განცხადება და შევა კონკურენციის სააგენტოში.

სამართლებრივ დავას დემაკლენკო აგრძელებს და ბოლომდე იბრძოლებს. პირდაპირ და თავიდანვე იკვეთებოდა სავარაუდო უკანონო ინტერესები და გაუმჭვორვალედ და არაკონკურენტულ გარეოში ჩატარება კიდევ უფრო ამძაფრებდა ამ მოსაზრებას. დანარჩენი დამოკიდებულია სამართალდამცავ უწყებებზე", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

2023 წლის თებერვალში ბაკურიანმა სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს. ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საქართველოს მთავრობა ადგგილზე მრავალმილიონიან ინფრასტრუქტურას აშენებს, რისთვისაც ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი ხელოვნური გათოვლიანებაა. გათოვლიანების პროექტისთვის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულმა კომპანია MTA-მ აპრილში 137,828,652 ლარის ღირებულების სავარაუდო ფასით ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც საკუთარი წინადადებები ორმა საერთაშორისო კომპანიამ „TechnoAlpin“-მა და „DemacLenko“-მ წარადგინეს. "TechnoAlpin”-ის შეთავაზება იყო 137,798,395 ლარი, „DemacLenko”-ს კი 91,939,038 ლარი ანუ წარდგენილ წინადადებებს შორის სხვაობა 45,859,357 ლარი იყო.

17 მაისს MTA-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ პროექტი 99,900,000 ლარი დაჯდებოდა. უწყებამ ტენდერში გამარჯვებულად TechnoAlpin-ი დაასახელა.

20 მაისს კი საკითხზე პირველი განცხადება გაავრცელა კომპანია Demaclenko-მ რომელიც LEITHER HTI ჯგუფის წევრია და მიუთითა, რომ ტენდერში არსებული სავარაუდო დარღვევების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მიემართა. Demaclenko აღნიშნავდა, რომ გამარჯვებულის გამოვლენა კორუფციული რისკებით წარიმართა, რადგანაც სატენდერო პირობები ერთ მიმწოდებელზე იყო მორგებული. ამასთანავე, კომპანიამ მზაობა გამოთქვა კიდევ უფრო მეტად - 2 მილიონი ლარით შეემცირებინა საკუთარი წინადადება და პროექტი 90 მილიონ ლარად განეხორციელებინა.

საბოლოოდ შესყიდვების სააგენტომ TechnoAlpin-თან კონტრაქტზე ნებართვა 10 ივნისს გასცა, რაც მაშინ 99.9 მილიონ ლარს შეადგენდა, საბოლოოდ კი, კომპანიასთან კონტრაქტი 90.5 მილიონ ლარზე გაფორმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები