ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელი, დავით კიკვიძე, BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ქართული ფინტექ ბაზრის განვითარების ტენდენციებზე საუბრობს. მისი თქმით, ბაზარი წლიდან წლამდე ვითარდება, რაც ახალი რეგულაციების გაჩენის საჭიროებას აჩენს.
“რამდენიმე წელია, ეროვნული ბანკი ფინტექისთვის ყოველ წელს ახალ რეგულაციას აანონსებს. ერთი მხრივ, ბაზრისთვის რეგულაცია ყოველთვის მტკივნეულია, თუმცა მეორე მხრივ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბაზარი ვითარდება, ბევრი ახალი მოთამაშე შემოდის და, ზოგადად, ოპერაციებისა და ტრანზაქციების ტიპები იმდენად ახალი და ინოვაციურია, რომ მას რეგულირება აუცილებლად სჭირდება, ეს გარდაუვალია.
მოთამაშეების რაოდენობითაც რომ ვიმსჯელოთ, რამდენიმე წლის წინ თუ 20-25 კომპანია იყო, დღეს უკვე ეს რიცხვი 50-ს აჭარბებს. საერთაშორისო ორგანიზაციებიც შემოვიდნენ, რაც ცხადყოფს, რომ დაინტერესება ქართული ბაზრის მიმართულებით მზარდია”, - ამბობს დავით კიკვიძე.
მისი თქმით, მიუხედავად მზარდი დაინტერესებისა, ზოგიერთი მიმართულების განვითარება საერთაშორისო კომპანიების მოზიდვისთვის კვლავ აუცილებელია.
“არსებობს რიგი მიმართულებები, რომლებიც ჯერ კიდევ განვითარებას საჭიროებს, რის გამოც საქართველოში საერთაშორისო კომპანიები ვერ შემოდიან. მათ შორისაა, მაგალითად, “ქრაუდფანდინგის” მიმართულება, რომელიც კაპიტალის ბაზრის ალტერნატივა შეიძლება იყოს, რაც ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება. ამის შესაბამისი რეგულატორული ბაზა არ არსებობს და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ვინ უნდა იყოს ამ ბაზის შემქმნელი. ერთი მხრივ, ეს სებ-ის პრეროგატივაა, მეორე მხრივ, ამავე თემაზე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებიც მუშაობენ”, - ამბობს ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელი.
დავით კიკვაძე აღნიშნავს, რომ ფინტექ ინდუსტრიას საქართველოში განვითარების ნიადაგი და ტემპი ძალიან კარგი აქვს და იმედოვნებს, რომ ბოლო დროს ფინანსურ სექტორში განვითარებული მოვლენები ამ ტემპს არ შეაფერხებს.