მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებისთვის ყურადღების მიქცევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - EBA

612f8c8589d3c
BM.GE
01.09.21 21:00
835
“საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებისთვის ყურადღების მიქცევა და მათი გაანალიზება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია,”- ამის შესახებ BMG-სთან საუბარში ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) გამგეობის თავმჯდომარემ, ჯონ ბრაეკეველდტმა განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოს ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებისა და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მატებისთვის სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელება აუცილებელია.

“საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებისთვის ყურადღების მიქცევა და მათი გაანალიზება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგანაც ისინი არ წარმოადგენენ მხოლოდ ამ ქვეყნების მთავრობებს, არამედ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ბიზნესებსაც და ინვესტორებსაც, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ. ჩვენ რეგულარულად გვაქვს კომუნიკაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან და ისინი რეგულარულად იღებენ სხვადასხვა საკითხზე ჩვენს მოსაზრებებს.

ჩემი აზრით, ვერავინ იტყვის, რომ საქართველოში სამართლებრივი სისტემის რეფორმა დასრულებულია. ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი ბიზნესი ქართულ სასამართლოს არ ენდობა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა მედიაციისა და არბიტრაჟის სისტემებია, რომელიც დღეს შესაბამისად არ ფუნქციონირებენ.

დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ჩვენ სამართლებრივი სისტემის მიმართულებით მყარ ნაბიჯებს გადავდგამთ, ეს პირდაპირ აისახება საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდასა და გაუმჯობესებულ ბიზნეს გარემოზე,”- აცხადებს ჯონ ბრაეკეველდტი.

ამასთან, ბრაეკეველდტი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ქვეყნის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი მოცულობის საგადასახადო შემოსავლებია და ბიუჯეტს ახალი ვალები არ სჭირდება, მაშინ მნიშვნელოვანია მთავრობამ საგადასახადო დონის შემცირებაზე დაიწყოს ფიქრი.

“კარგია იმის მოსმენა, რომ მთავრობას არ სჭირდება ახალი ვალები და რომ მათ ბიზნეს სექტორიდან მნიშვნელოვანი შემოსავალი აქვთ. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ბიუროკრატია კვლავ დიდი გამოწვევაა და ის საგრძნობლად არის გაზრდილი, მაგრამ სახელმწიფო მისი შემცირებისთვის ნაბიჯებს არ დგამს. ამასთანავე, პანდემიური ვითარების გამო, ბიზნესისთვის თითქმის შეუძლებელია განჭვრიტოს არათუ რა იქნება მომდევნო თვეებში, არამედ მომდევნო კვირების განჭვრეტაც კი რთულია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბიუჯეტში არსებული მყარი საგადასახადო შემოსავლები საქართველოს მთავრობას მისცეს საშუალებას შეამციროს საგადასახადო ტვირთი, ეს კი ბიზნესისგან მეტ ინვესტიციასა და დასაქმების ზრდაში აისახება,”- განმარტავს ჯონ ბრაეკრველდტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები