„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით საერთაშორისო სანქციების დაცვის საკითხს. ჩვენ ასევე სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან“ – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის კომისარმა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში კენან პოლეომ, თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს, „ანალიტიკა“–სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც კენან პოლეო ამბობს, რუსეთის ომის მანქანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს.
„სანქციები, რომლებიც ჩვენ დავაწესეთ რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის ომის მანქანის წინააღმდეგ, ძირითადად გამოწვეული იყო იმ შემზარავი ომით, რომელიც რუსეთმა უკრაინაში დაიწყო.
დიახ. მგონია, რომ ამ სანქციებს აქვთ გავლენა და [რუსეთის] მთავრობაც ამბობს ხოლმე პერიოდულად, რომ მათთვის ბევრი რამ არის გართულებული – ამბობს კენან პოლეო „ანალიტიკა“–სთან – ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების რეჟიმის მხარდაჭერას ჩვენს პარტნიორებთან ერთად.
ამასთან, გაერთიანებული სამეფო მუშაობს საქართველოს მსგავს პარტნიორებთან, სხვა ქვეყნებთანაც იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მედეგობა, მიწოდების ჯაჭვების უწყვეტობა და მხარი დავუჭიროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ღია, სამართლიანი და დემოკრატიულია“.
„ანალიტიკა“–ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვას – როგორ აფასებთ საქართველოს მოქმედებებს საერთაშორისო სანქციების კონტექსტში? ალბათ ადევნებდით თვალს საქართველოს ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს – ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ისეთმა მნიშვნელოვანმა ორგანიზაციამ, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი პირდაპირ თქვა – ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში სანქციების მიმართ შეცვლილი დამოკიდებულება დავინახეთო – გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის კომისარმა უპასუხა, რომ თუ სანქციების თემებზე რაიმე ტიპის გაუგებრობაა ან შეუთანხმებლობა ან მიდგომების შეუთავსებლობა, გაერთიანებული სამეფო საქართველოსთან კომუნიკაციას აგრძელებს.
„ჩვენი ამბიცია სანქციების ნაწილში რუსეთის ომის მანქანის დამარცხებაა და ეს არანაირად არ უკავშირდება, საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივის დაზიანებას,“ – ასეთია კენან პოლეოს პოზიცია „ანალიტიკა“–სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.