მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საერთაშორისო სანქციებს დაქვემდებარებულ პირებთან გარიგებაში შესვლისთვის ჯარიმები ფიზიკურ პირებსაც დაეკისრებათ - კანონპროექტი

აშშ

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის ცვლილებების პაკეტი, რომელიც MONEYVAL-ის რეკომენდაციების შესრულების მიზნით შემუშავდა. კანონპროექტი არსებითად აფართოებს პასუხისმგებელ პირთა წრეს და პირველად აწესებს სანქციების დარღვევისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ კომპანიებისთვის, არამედ ყველა ფიზიკური პირისთვისაც.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, MONEYVAL-ის შეფასებამ აჩვენა, რომ მოქმედი კანონმდებლობა სანქციადაკისრებული პირების მიმართ ვალდებულებებს მხოლოდ ანგარიშვალდებულ სუბიექტებზე ავრცელებდა, რის გამოც საქართველო FATF-ის მე-6 და მე-7 რეკომენდაციებზე „ნაწილობრივ შესაბამის“ რეიტინგში იმყოფება. ახალ ნორმებს კი მიზნად აქვთ გაეროს სანქციებთან შესაბამისობის სრულად უზრუნველყოფა.

კანონის პროექტის მიხედვით, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებული იქნება, სანქციადაკისრებული პირებისთვის არ გახადოს ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები ან სხვა ქონება და აღნიშნული შეზღუდვის შესახებ შეატყობინოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ვალდებულების შეუსრულებლობა პირველად გამოიწვევს გაფრთხილებას, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 1 000 ლარის ოდენობის ადმინისტრაციულ ჯარიმას.

კანონპროექტი ასევე ავალდებულებს ანგარიშვალდებულ სუბიექტებს, საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ანგარიშგებაში მიუთითონ ინფორმაცია იმ აქტივებზე, რომლებზეც შეზღუდვა დაწესდა.

საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში 2026 წლის 1 მარტიდან შევა, ხოლო იმ დრომდე ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა უნდა შეიმუშაოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები. მთავრობის განმარტებით, ცვლილებები აუცილებელია MONEYVAL-ის შემდეგ პლენარულ სხდომამდე, რათა ქვეყანამ შეძლოს სანქციების შესრულების მექანიზმების გაუმჯობესების დემონსტრირება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ამაღლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები