საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ამბობს, რომ საერთაშორისო რეზერვების შევსება მიმდინარე წელსაც გრძელდება. მან ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შემაჯამებელი პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც რეზერვებზე კითხვის საპასუხოდ ნათია თურნავამ აღნიშნა, რეზერვების ზრდა როგორც ნომინალურ გამოსახულებაში და ასევე, მის ადეკვატურობის დონესთან მიმართებით გაგრძელდება.
"2025 წელი რეზერვების თვალსაზრისით ძალიან დადებითი განვითარება იყო. ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ჩვენმა რეზერვებმა. მინდა გაგიმხილოთ, რომ წლევანდელი წელიც ამ თვალსაზრისით არ არის ცუდი, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური გამოწვევაა, ჩვენ გამომდინარე სავალუტო ბაზარზე არსებული სტაბილურობიდან და გარკვეულწილად ლარის გამყარების ტენდენციიდან, ვსარგებლობთ ამით და კვლავაც ვაგრძელებთ რეზერვების შევსებას. რაც შეეხება სავალუტო ფონდის მიერ დადგენილ ადეკვატურობის ზღვარს, 2025 წელს პირველად, 2022 წლის შემდეგ, გადავაჭარბეთ 100%-იან ზღვარს და ახლაც 100%-ზე ზევით ვიმყოფებით. ეს კარგი მიღწევაა, თუმცა ვთვლით, რომ არაა საკმარისი და კვლავაც უნდა გავაგრძელოთ რეზერვების ზრდა როგორც ნომინალურ გამოსახულებაში და ასევე, მის ადეკვატურობის დონესთან მიმართებით და ასეც მოვიქცევით", - ამბობს სებ-ის პრეზიდენტი.
თებერვალში სებ-მა რეზერვების დაგროვება განაგრძო და ჯამში 429 მილიონი დოლარი შეისყიდა. ეს ოთხჯერ მეტია, ვიდრე იანვარში განხორციელებული შესყიდვები, რაც 86 მილიონი დოლარის ტოლი იყო. სწორედ სავალუტო შესყიდვები გახდა თებერვალში საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების ზრდის მთავარი მიზეზი. კერძოდ კი თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვები 359 მილიონი დოლარით 6.65 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ჯერჯერობით უცნობია მოახდინა თუ არა სებ-მა 2026 წლის მარტში სავალუტო რეზერვების გაყიდვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 25 აპრილს გახდება ცნობილი.




























