გასული სეზონი სატრანსფერო ფანჯრების თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესო გამოვიდა, რადგან კლუბებს აშკარად არ ენანებოდათ მოთამაშეების სანაცვლოდ დიდი თანხების დახარჯვა. ამას ადასტურებს ჯამური თანხაც, რომელმაც ერთ სეზონში 10 მილიარდ ევროს გადააჭარბა, რაც აქამდე რეკორდულ 2019/20 წლების 9,4 მილიარდიან მაჩვენებელს 600 ათას ევროზე მეტით აჭარბებს.
ლიგებს შორის ცხადია ინგლისის პრემიერ ლიგა ლიდერობს, რომელსაც ყველაზე დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვს და გასულ სეზონშიც 2,9 მილიარდი დახარჯა. თუმცა აღსანიშნავია, რომ გასულ სატრანსფერო ფანჯარასთან შედარებით ინგლისელებმა 200 მილიონი ევროთი ნაკლები დახარჯეს.
კიდევ ერთი ჩემპიონატი, რომელმაც დანახარჯებით მილიარდს გადააჭარბა ფრანგული ლიგა 1-ია. ფრანგებმა 2023/24 წლების სეზონში 1,1 მილიარდი გაიმეტეს ახალი ფეხბურთელების სანაცვლოდ, რაც გასულ წელთან შედარებით 400 ათასი ევროთი გაზრდილი მაჩვენებელია.
ხუთეულში პირველად მოხვდა არაბეთის საუდი პრო-ლიგა, რომლებმაც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში 972 მილიონი ევრო გადაიხადეს ისეთ ვარსკვლავებში, როგორებიც კარიმ ბენზემა, ნეიმარი, ნ'გოლო კანტე, სადიო მანე და სხვა ვარსკვლავები არიან.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მხარჯველი კლუბების ათეულში მოხვდა ორი არაბული კლუბი “ალ-ჰილალი” 376,1 და “ალ-აჰლი” 184,1 მილიონი ევროთი.
მთლიანობაში კი 2023/24 წლის სეზონის სატრანსფერო ფანჯრებზე ყველაზე დიდი თანხა შემდეგმა 10-მა კლუბმა დახარჯა:
10. "ლაიფციგი" – €176.5 მილიონი
9. "მიუნხენის ბაიერნი" – €184 მილიონი
8. "ალ-აჰლი" – €184.1 მილიონი
7. "მანჩესტერ იუნაიტედი" – €202.3 მილიონი
6. "არსენალი" – €235 მილიონი
5. "მანჩესტერ სიტი" – €255.6 მილიონი
4. "ტოტენჰემ ჰოტსპური" – €272.1 მილიონი
3. "ალ-ჰილალი" – €376.1 მილიონი
2. "პარის სენ-ჟერმენი" – €389.5 მილიონი
1. "ჩელსი" – €467.8 მილიონი