ამერიკაში მოქმედმა ქართულმა ბიზნესმა რესტორანი „საფერავი“ ქსელურ ბრენდად აქცია და ნიუ-იორკში წარმატებულად განაგრძობს გაფართოებას.
რესტორან „საფერავის“ მფლობელი თინა ქააძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ამბობს, რომ ბრენდი, რომელიც ქართულ სამზარეულოს, კულტურასა და სტუმართმოყვარეობას აერთიანებს, დღეს უკვე რამდენიმე ლოკაციაზე ოპერირებს და ამერიკელ მომხმარებელს ავთენტურ ქართულ გამოცდილებას სთავაზობს.
მისი თქმით, ბიზნესის დაწყების ეტაპზე კომპანია ამერიკული სწრაფი კვების ფორმატით ოპერირებდა, თუმცა მიღებულმა გამოცდილებამ საფუძველი ჩაუყარა ახალი კონცეფციის ჩამოყალიბებას. "საფერავი", როგორც ბრენდი, დაახლოებით წელიწად-ნახევარია არსებობს და დღეს უკვე მხოლოდ რესტორანს არ წარმოადგენს - ეს არის ქართული გამოცდილება, რომელიც ამერიკელ მომხმარებელს სთავაზობს ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და ღვინოს.
„სამზარეულო თავის როლს ასრულებს, მაგრამ სერვისი არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენთან მოსული ადამიანი არამხოლოდ კერძებს აგემოვნებს, არამედ ეცნობა დიდ ისტორიას, რომელსაც სიამაყით ვუზიარებთ როგორც ამერიკელებს, ისე ქართველებსა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს“, - აცხადებს თინა ქააძე.
მისი ინფორმაციით, ყველა ობიექტი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილებშია განთავსებული. მესამე რესტორანი ქსელს სულ რამდენიმე კვირის წინ შეემატა. პარალელურად, კომპანია აფართოებს პირველ, ყველაზე მცირე ობიექტს, რომელიც თავდაპირველად 25 სტუმარზე იყო გათვლილი, თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ მინიმუმ 70 ადამიანს მოემსახურება, ხოლო მთლიანობაში სივრცე 150 სტუმრის მიღების შესაძლებლობას შექმნის.
რესტორნის დამფუძნებელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მარკეტინგის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, სწორედ გამართული მარკეტინგული სტრატეგიის ამოქმედების შემდეგ დაიწყო მომხმარებლის ნაკადის ზრდა, რაც ბიზნესისთვის გარდამტეხ ეტაპად იქცა.
"ის, რომ რაღაცამ გაამართლა, არ ნიშნავს, რომ უნდა გაჩერდე - ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივად განვითარებას საჭიროებს“, - ამბობს ქააძე და აღნიშნავს, რომ კონკურენტულ ამერიკულ ბაზარზე აუცილებელია როგორც მენიუს, ისე ბრენდინგისა და კონცეფციის პერიოდული განახლება.
„საფერავის“ გუნდის დაახლოებით 95% ქართველებით არის დაკომპლექტებული. საერთო ჯამში კომპანიაში დაახლოებით 35 ადამიანი მუშაობს და შტატის ზრდაც იგეგმება. დამფუძნებლის თქმით, ეს ბრენდისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რადგან ქართულ კულტურასა და ტრადიციებს მომხმარებელს ყველაზე ავთენტურად სწორედ ქართველი პერსონალი გადასცემს.
სტუმრები რესტორანში საშუალოდ ერთ საათს ატარებენ, რაც სერვისის სისწრაფესა და ორგანიზებულობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. „ნიუ-იორკში დრო ძალიან ფასეული რესურსია და ჩვენი მიზანია, ამ ერთ საათში მომხმარებელმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს“, - ამბობს ქააძე.
მიმდინარე წელს კომპანია გეგმავს არსებული რესურსების სრულად ათვისებას, მათ შორის - რესტორნის უკან მდებარე ეზოს განვითარებას. 2026 წელი კი „საფერავისთვის“ სისტემური გაფართოებისა და ბიზნესის კიდევ უფრო გამყარების ეტაპი იქნება.




























