მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა თუთუნზე აქციზის განახევრების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

თამბაქო

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა თუთუნზე აქციზის განახევრების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. არსებული მდგომარეობით, კგ თუთუნი 60 ლარით იბეგრება და ის 30 ლარამდე შემცირდება.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი წარმოების დაცვა, არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირება, სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდა და ადგილობრივი გადამამუშავებელი ინდუსტრიის განვითარების სტიმულირება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი აქციზიდან დაახლოებით 25 მილიონი ლარით შემცირდება. კანონპროექტის თანაავტორის, ბეჟან წაქაძის თქმით კი, საკანონმდებლო ინიციატივის მიზანს მომხმარებლებისთვის პროდუქციის გაიაფება წარმოადგენს.

თუთუნზე აქციზის განახევრებას ეწინააღმდეგება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. WHO-ს არაგადამდებ დაავადებათა პროგრამების კოორდინატორის, კახა ღვინიანიძის განცხადებით, პარლამენტში წარმოდგენილი ინიციატივა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამაც, რომელიც ინიციატივას შემაშფოთებელს უწოდებს და პარლამენტს მოუწოდებს, რომ აღნიშნული ცვლილებების მიღება არ მოხდეს.

გაეროს განცხადების თანახმად, აღნიშნულმა ცვლილებები მიღების შემთხვევაში მთელ იმ მრავალწლიან სამუშაოსთან მიმართებით უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, რასაც საქართველომ დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწია თამბაქოს კონტროლის მიმართულებით.

“შემოთავაზებული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს პოლიტიკას თამბაქოს მოხმარების შემცირების შესახებ: აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვან განსხვავებას გააჩენს თამბაქოს სხვადასხვა ნაწარმის ფასებს შორის, რაც ბაზარზე იაფი თამბაქოს დაბრუნებას შეუწყობს ხელს, ეს კი თავისი მხრივ მოხმარებას გაზრდის.

შემოთავაზებული ცვლილებებით, საქართველო დაშორდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს და ისეთ საერთაშორისო ვალდებულებებს, როგორიცაა „თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენცია“, რომელსაც საქართველო შეუერთდა, რაც შეაფერხებს ქვეყნის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,- ნათქვამია გაეროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები