საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე ინვესტორების განწყობა მკვეთრად შეიცვალა – გასულ 24 საათში გაკეთებული განცხადებების ფონზე, ბაზრის მონაწილეები უკვე ელიან, რომ ირანის ომი უახლოეს მომავალში დასრულდება.
ამ მოლოდინის გაჩენის ფონზე, ამერიკული საფონდო ინდექსების შეფასება საშუალოდ 3%-ით გაიზარდა, ხოლო Nasdaq-ის ბირჟაზე წარმოდგენილი მსხვილი კომპანიების ზრდის საშუალო მაჩვენებელი 6% იყო.
აგრეთვე დადებითი განწყობაა ევროპაშიც, სადაც ძირითადი ინდექსების შეფასება 2%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება აზიის რეგიონს, აქ საშუალოდ 5.5%-იან მატებას ვხედავთ, რადგან ჰორმუზის სრუტეს ყველაზე დიდი გავლენა სწორედ აზიური სახელმწიფოებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე აქვს.
ინვესტორთა ოპტიმიზმი ვაშინგტონსა და თეირანს შორის პოტენციური შეთანხმების მიღწევის იმედმა კიდევ უფრო მეტად გააძლიერა, რადგან პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე არაერთხელ მიანიშნა, რომ აშშ-ის ძირითადი მიზნები უკვე მიღწეულია და მას ნებისმიერ წამს შეუძლია სამხედრო ოპერაციის დასრულება.
ამას თან ერთვის ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის საჯარო განცხადება, რომელმაც, გარანტიების არსებობის შემთხვევაში, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე მიანიშნა.
ასეთი დამაიმედებელი განცხადებების გავრცელების ფონზე, ინვესტორები ფიქრობენ, რომ სამხედრო ოპერაცია მალე დასრულდება და ჰორმუზის სრუტეც გაიხსნება, რაც ბაზრიდან ყველაზე დიდ რისკს გააქრობს.




























