"საფრანგეთის ამერიკულ პლატფორმებს - Microsoft Teams-სა და Zoom-ს ვიდეოზარების ფრანგული პლატფორმით ჩაანაცვლებს, რომელიც 2027 წლისთვის ყველა სამთავრობო უწყებაში დაინერგება", - ამის შესახებ ქვეყნის მთავრობა იტყობინება.
ეს ნაბიჯი საფრანგეთის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც უცხოური, განსაკუთრებით კი ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლების სერვისებზე უარის თქმასა და კრიტიკულ ციფრულ ინფრასტრუქტურაზე კონტროლის დაბრუნებას ისახავს მიზნად.
"მიზანი არაევროპული გადაწყვეტილებების გამოყენების შეწყვეტა და მძლავრ, სუვერენულ ინსტრუმენტზე დაყრდნობით, საჯარო ელექტრონული კომუნიკაციების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფაა", - განაცხადა საჯარო სამსახურისა და სახელმწიფო რეფორმების მინისტრმა დავიდ ამიელმა.
ორშაბათს მთავრობამ დააანონსა, რომ ამერიკული სერვისების ნაცვლად ქვეყანა ვიდეოკონფერენციის პლატფორმა Visio-ს გამოიყენებს. პლატფორმა სატესტო რეჟიმში უკვე ერთი წელია მუშაობს და მას დაახლოებით 40 000 მომხმარებელი ჰყავს.
რა არის Visio?
Visio საფრანგეთის "Suite Numérique"-ის გეგმის ნაწილია, რომელიც სუვერენული ინსტრუმენტების ციფრულ ეკოსისტემას წარმოადგენს და ისეთი ამერიკული ონლაინ სერვისების ჩანაცვლებას ისახავს მიზნად, როგორებიცაა Gmail-ი და Slack-ი. ეს ინსტრუმენტები საჯარო მოხელეებისთვის არის განკუთვნილი და არა ფართო საზოგადოების ან კერძო კომპანიების სარგებლობისთვის.
პლატფორმას ასევე აქვს ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით შეხვედრების ტრანსკრიპციისა და მოსაუბრეთა იდენტიფიცირების ფუნქცია, რისთვისაც Visio ფრანგული სტარტაპის, Pyannote-ის ტექნოლოგიას იყენებს.
Visio ფრანგული კომპანია Outscale-ის სუვერენულ ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაზეა განთავსებული. Outscale-ი ფრანგული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის, Dassault Systèmes-ის შვილობილი კომპანიაა.
საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, Visio-ზე გადასვლამ შესაძლოა ლიცენზირების ხარჯები შეამციროს და ყოველ 100 000 მომხმარებელზე წლიურად 1 მილიონი ევროს ეკონომია გამოიწვიოს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე ეხმიანება ევროპაში გაჩენილ კითხვებს აშშ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურაზე ზედმეტ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, რაც გასულ წელს ამერიკული ე.წ. ქლაუდ სერვისების შეფერხებებს მოჰყვა.




























