მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთი და გერმანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების გეგმაში აშშ-ის როლზე ვერ თანხმდებიან

მაკრონი და მერცი

საფრანგეთსა და გერმანიას შორის ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. პარიზში დაგეგმილ სამიტამდე ქვეყნების ლიდერები აშშ-ის ჩართულობაზე ვერ თანხმდებიან. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სრუტის დასაცავად მკაცრად თავდაცვაზე ორიენტირებული მისიის შექმნას განიხილავს. მისიის, რომელშიც ამერიკამ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ინიციატივაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მონაწილეობის განხილვას ითხოვს და აცხადებს, რომ მოკავშირეთა ერთიანობა ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ბერლინი საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოდ აღდგენის პროცესში დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდების ჩართვასაც აქტიურად განიხილავს, თუმცა საკმაოდ მკაცრი პირობებით. გერმანია მონაწილეობისთვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და გაეროს მანდატს ითხოვს.

რაც შეეხება ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას, თეთრი სახლის პრესსპიკერმა ოლივია უელსმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტს სრუტის დამოუკიდებლად დაცვის რესურსი აქვს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მოკავშირეების დახმარების საჭიროებას ვერ ხედავენ.

ცნობისთვის, პარასკევს, ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხზე პარიზში დაგეგმილ შეხვედრას გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი, ასევე იტალიის ლიდერი ჯორჯა მელონი და თავად საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დაესწრებიან. დისკუსიაში დისტანციურად კიდევ 30 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. აღსებული ცნობებით, ევროპელი ლიდერები კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით დონალდ ტრამპთან დაკავშირებასაც გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები