მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფრანგეთი და გერმანია რუსეთის "პარტნიორი სახელმწიფოების მიმართ" მეორად სანქციებს ითხოვენ

მერცი და მაკრონი

საფრანგეთი და გერმანია რუსეთის “პარტნიორი სახელმწიფოების მიმართ” მეორადი სანქციების მიღებას ითხოვენ. როგორც Bloomberg-ი იტყობინება, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა რუსეთის სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

„ძალიან მოხარული ვიქნები, თუ აშშ-ის მთავრობა გადაწყვეტს მსგავსი სანქციების დაწესებას სხვა ქვეყნებისთვის, რომელთა მიერ ნავთობისა და გაზის შესყიდვები რუსეთის სამხედრო ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს აფინანსებს“, - თქვა მერცმა.

მაკრონმა კი განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები გააგრძელებენ ზეწოლას რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შეზღუდვების დაწესების მიზნით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა მზადაა დამოუკიდებლად დააწესოს მეორადი სანქციები, მაგრამ მსგავს გადაწყვეტილებას ელის შეერთებული შტატებისგან.

ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს ე.წ. რუსეთის პარტნიორ ქვეყნებში? თუ სტატისტიკას ვნახავთ, რუსული ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველები ჩინეთი და ინდოეთი არიან. გარდა ამისა, რუსული ენერგორესურსების ტოპ-შემსყიდველებს შორის არის თურქეთიც.

ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მომწოდებელია და მასზე მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, დაახლოებით 45% მოდის. კერძოდ, საქართველომ რუსეთიდან 7 თვეში 326 მლნ აშშ დოლარის 468 071 ტონა ნავთობპროდუქტის იმპორტი განახორციელა, რაც წლიურად ოდნავ შემცირებული მაჩვენებელია (2024 წლის 7 თვეში 331,4 მლნ აშშ დოლარი, 431 679 ტონა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები