დღეს ჩვენი საუბრის თემა საფრანგეთია. ევროპის წამყვანი სახელმწიფო, რომლის უდიდესი მონაპოვარი და, ამავდროულად, ყველაზე დიდი თავის ტკივილი, მისი მრავალფეროვანი დემოკრატია და ბობოქარი საზოგადოებაა.
თუ დღეს განვითარებულ მოვლენებს თვალყურს ადევნებდით, გეცოდინებათ, რომ საფრანგეთი სამოქალაქო პროტესტმა მოიცვა. მომიტინგეები, პრეზიდენტის გადადგომას, პარლამენტის დაშლას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. დღეს ჩემი მიზანი იქნება აგიხსნათ, რატომ მივიდა მაკრონის ხელისუფლება ამ ვითარებამდე და რა უძღოდა პოლიტიკურ დაპირისპირებებს წინ. ასევე, რას უნდა ველოდოთ მომავალში.
როგორც ყველა სხვა ნორმალურ ქვეყანაში, საფრანგეთშიც მოსახლეობის უკმაყოფილების უმთავრესი მიზეზი მძიმე ეკონომიკური ვითარებაა. ამ კუთხით, მეხუთე რესპუბლიკას საქმე კარგად ნამდვილად არ აქვს. ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის მხოლოდ 0.6%-ზეა, გასულ სამ თვეში კი კვარტალიდან კვარტალამდე ზრდამ მხოლოდ 0.3% შეადგინა. ცალკე პრობლემაა უმუშევრობა, რომელიც 7.5%-ზეა გაჩერებული. რაც შეეხება ინფლაციას, მართალია, მისი ტემპი შენელდა, თუმცა მაინც 0.9%-ზე ფიქსირდება. ვალუტის გაუფასურების მიუხედავად, არ იზრდება ხელფასები, რაც რიგითი მოქალაქეების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 113%-ს აჭარბებს, საბიუჯეტო დეფიციტი კი 5.8%-ზეა.
ყოველი ამის მიზეზი კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულიად ქაოსური შედეგებია. ქვეყნის სამივე წამყვანი პოლიტიკური ძალა ელოდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებდა და მთავრობას საკუთარი ინტერესების მიხედვით დააკომპლექტებდა, შესაბამისად, თავის ეკონომიკურ ხედვასაც უპრობლემოდ გაატარებდა. თუმცა შედეგების გამოქვეყნებით კმაყოფილი არავინ დარჩენილა. როგორც ულტრა-მემარცხენე, ისე ულტრა-მემარჯვენე და ცენტრისტულ პარტიებს პარლამენტში თითო მესამედი ერგოთ. შესაბამისად, რადიკალურად დაპირისპირებულ მხარეებს შორის კოალიციურ სამთავრობო კაბინეტზე მოლაპარაკებები ვერც კი დაიწყო.
ამ შესაძლებლობით კი ისარგებლა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და პოლიტიკური ძალაუფლების დახმარებით, საკუთარი პარტიის რჩეულ პრემიერ-მინისტრს, გაბრიელ ატალს თანამდებობა შეუნარჩუნა. წესით, სწორედ ატალს უნდა განეხორციელებინა საჭირო რეფორმები და ქვეყანა ეკონომიკური ჩიხიდან გამოეყვანა, თუმცა ულტრა მემარჯვენე და ულტრა მემარცხენე პარტიებმა მის არცერთ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს, შესაბამისად, ატალს საქმიანობის გაგრძელების შანსი არ მისცეს. აქვე უნდა ითქვას, რომ განსხვავებით მარინ ლე პენის პარტიისგან, ჟან ლუკ მელანშონის “დაუმარცხებელი საფრანგეთი” მაკრონთან თანამშრომლობისთვის მზად იყო, მხოლოდ იმ პირობით, თუ პრემიერ-მინისტრი მათი პარტიიდან შეირჩეოდა.
მემარცხენე პარტიისთვის ძალაუფლების გაყოფა მაკრონს არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად არ აწყობდა და სწორედ ამიტომ, ატალის წასვლის შემდეგ, 2024 წლის სექტემბერში პრემიერ-მინისტრად კიდევ ერთი თანაგუნდელი, მიშელ ბარნიე დაასახელა. თავად ბარნიემ პარლამენტს €60 მილიარდი ევროს მოცულობის ბიუჯეტის დეფიციტის პაკეტი წარუდგინა. აღნიშნული დოკუმენტი ეკონომიკური ვითარების გამკლავებისთვის ნაწილობრივ გადასახადების ზრდას, ნაწილობრივ კი - ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას მოიცავდა, თუმცა ინიციატივას მხარი არც მემარჯვენე და არც მემარცხენე პარტიებმა არ დაუჭირეს. უფუნქციოდ დარჩენილ ბარნიეს კი პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. მოკლედ, მაკრონის რიგით მე-2 დასახელებულმა პრემიერ-მინისტრმა პოსტი 3 თვეში დატოვა.
რიგით მესამე უკვე ფრანსუა ბაირუ იყო, ტექნოკრატი პოლიტიკოსი, რომელმაც პარლამენტს საბიუჯეტო ხარჯების €44 მილიარდი ევროთი შემცირების პროექტი წარუდგინა. ინიციატივის ფარგლებში, უნდა გაუქმებულიყო ორი დასვენების დღე და შეჩერებული სოციალური კეთილდღეობისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის ზრდა. ბაირუს მიერ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის ეს გეგმა გაჟღერებისთანავე ორივე მოწინააღმდეგე პოლიტიკურმა პარტიამ კატეგორიულად უარყო და პრემიერ-მინისტრს გუშინ წინ უნდობლობა გამოუცხადა.
ამ ფონზე გაჩნდა მოლოდინი, რომ მაკრონი მთავრობის მეთაურად საკუთარი კანდიდატების წარდგენას შეწყვეტდა და ან კოალიციის შეკვრას ცდიდა, ან, ოპოზიციისთვის უკეთეს შემთხვევაში, პარლამენტს დაითხოვდა. მაკრონმა არცერთი ეს ნაბიჯი არ გადადგა და ამჯერად პრემიერ-მინისტრად არა ტექნოკრატი, არამედ უახლოესი გარემოცვის წევრი, თავდაცვის წარმატებული მინისტრი და ცნობილი კრიზის-მენეჯერი, სებასტიან ლეკორნუ დანიშნა. მთავრობის ახალი მეთაურს ყველაზე რთული გამოწვევის გადალახვა, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენა და გატანა მოუწევს. ფორტუნა მის მხარეს ნამდვილად არ არის, რადგან ოპოზიციური პარტიები პრემიერ-მინისტრების ცვლაში გამოსავალს ვეღარ ხედავენ და მაკრონს პარლამენტის დაშლისკენ მოუწოდებენ.
მაკრონი ცდილობს, ვითარება არ შეიმჩნიოს და პროცესი ისე გააგრძელოს, თითქოს ლეკორნუს სამ-პარტიული მხარდაჭერა ჰქონდეს. ჰოდა, სწორედ ეს კონკურენტები, მარინ ლეპენისა და ჟან ლუკ მელანშონის პარტიები დედაქალაქისა და საფრანგეთის სხვა ქალაქების მასშტაბით აქტიურ საპროტესტო ტალღას აგორებენ. “გააჩერე ყველაფერი” არის რადიკალური მემარცხენე პარტიის იმ კამპანიის სახელწოდება, რომელიც მიზნად ქალაქების პარალიზებას ისახავს. ვითარების ჩასაცხრობად ხელისუფლებას 80,000 პოლიციელის მობილიზება მოუწია. დაკავებულია 250-ზე მეტი სამართალდამრღვევი. რთულია ახლა იმის თქმა, რა შედეგებით დასრულდება პოლარიზებულ საფრანგეთში არჩევნები, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მელანშონი მოიგებს, საპენსიო ასაკი 60-წლამდე დაიწევს, გაიზრდება მინიმალური ხელფასი და მდიდართათვის გადასახადები გაიზრდება. ხოლო თუ უმრავლესობას მარინ ლე პენის რადიკალური მემარჯვენეები მოიპოვებენ, შეიზღუდება მიგრაცია, გადავადდება ბუნებისდაცვითი რეფორმების გატარება და 2027 წლამდე 3%-მდე შემცირდება საბიუჯეტო დეფიციტი.
ცხადია, ეს მხოლოდ დაპირებებია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ემანუელ მაკრონმა ფრანგულ პოლიტელიტას საკუთარი წესებით თამაში უკვე არაერთხელ აიძულა. შესაბამისად, არაა გამორიცხული, მისი ხელით კიდევ ერთი პოლიტიკური ტრიუკი ვიხილოთ.




























