სირიის დედაქალაქ დამასკოში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ოფიციალური ვიზიტის დროს, ორი აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქებები სასტუმრო Four Seasons-ის მახლობლად მოხდა. იმ სასტუმროს სიახლოვეს, სადაც თავად საფრანგეთის პრეზიდენტი დაბინავდა. როგორც ირკვევა, ამ ინციდენტის დროს მაკრონი სირიის პრეზიდენტთან, აჰმად ალ-შარაასთან შესახვედრად საპრეზიდენტო სასახლეში შედიოდა. მომხდარის შედეგად 18 ადამიანი, მათ შორის ოთხი სამართალდამცველი დაშავდა. ოფიციალური პარიზის განცხადებით, საფრანგეთის ლიდერი უსაფრთხოდ არის, მისი ვიზიტი კი გეგმის მიხედვით გაგრძელდება.
რაც შეეხება უშუალოდ ვიზიტს, ემანუელ მაკრონი სირიაში ორდღიანი ვიზიტით გუშინ, ორშაბათს ჩავიდა. სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ქვეყანას ბიზნესდელეგაციასთან ერთად ეწვია. თავად ვიზიტის მიზანი კი რეგიონული უსაფრთხოების საკითხების, ასევე ბიზნესისა და საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვაა.
აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ ის დამასკოში სუვერენული სახელმწიფოს მხარდასაჭერად ჩავიდა და რომ ეს სტუმრობა მხარეებს "სტაბილურობის ახალი ფურცლის გადაშლაში დაეხმარება".
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც სირიის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყანას დასავლეთ ევროპის ლიდერი ეწვია.




























