მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფრანგეთი, პოლონეთი... - სად და რა ფასად ყიდულობს საქართველო შაქარს?

შაქარი

საქართველო ყველაზე მეტ შაქარს საფრანგეთსა და პოლონეთში ყიდულობს. ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

სააგენტომ FMCG (სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო საქონელი) ბაზრის მიმდინარე მონიტორინგთან ერთად, შეისწავლა სამომხმარებლო კალათის შემადგენლობაში შემავალი საქონლის იმპორტის ბაზრების მაჩვენებლები. შეფასებისათვის შეირჩა კარაქის, მზესუმზირის ზეთის, შაქრის, მაკარონის, ბრინჯის, ქათმის ხორცისა და შოკოლადის იმპორტი. ანგარიშის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში აღნიშნული საქონლის მოხმარება მეტწილად იმპორტზეა დამოკიდებული, იმპორტის ბაზრებზე არსებული ტენდენციები წარმოადგენს FMCG ღირებულების ჯაჭვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს და დიდ გავლენას ახდენს, როგორც ბაზრის სტრუქტურაზე, ასევე ფასების ფორმირებაზე.

ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში შემოვიდა 153.7 მილიონი ლარის ღირებულების 94.9 ათასი ტონა რაფინირებული შაქარი (56 მილიონი აშშ დოლარი). რაც შეეხება საშუალო ფასის მაჩვენებლებს, ყოველკვარტალური ფასების შედარებისას იკვეთება, რომ 2025 წლის პირველი კვარტალის შემდეგ ფასი სტაბილურად იკლებდა. პირველ კვარტალში დაფიქსირებული საშუალო ფასი 1.69 ლარიდან, მეოთხე კვარტალში 1.55 ლარამდე შემცირდა, რაც 9%-მდე კლებაა.

კომპანიების მიხედვით შაქრის იმპორტის შეფასებისას, იკვეთება, რომ ბაზარი დივერსიფიცირებულია. 10 წამყვანი კომპანიის წილი მთლიანი იმპორტის 91%-ს, 5 წამყვანი კომპანიის წილი 64%-ს, ხოლო სამი წამყვანი კომპანიის წილი 46%-ს შეადგენს. ამ პერიოდში ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა - ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსმა (HHI) 1057 ერთეული შეადგინა, რაც დაბალ კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.

ბაზარი კონცენტრირებულია ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქციაზე. ყველაზე დიდი წილი ბაზარზე ფრანგულ და პოლონურ საქონელს აქვს, 30%-იანი და 29%-იანი მაჩვენებლებით. შემდეგ მოდის ნიდერლანდები - 18%-იანი წილით და ბელგია - 8%-იანი წილით. ხუთეულში ასევეა უკრაინა, რომლის წილიც შედარებით მცირეა (7%). შედარებით მაღალი საშუალო ღირებულება ნიდერლანდებიდან იმპორტირებულ საქონელს აქვს და 2025 წელს 1.68 ლარი შეადგინა, რაც მთლიანი იმპორტის საშუალო ღირებულებას 4%-ით აღემატება. საფრანგეთიდან იმპორტირებული შაქრის საშუალო ღირებულებამ - 1.63 ლარი, პოლონეთიდან - 1.56 ლარი, ბელგიიდან - 1.62 ლარი, ხოლო უკრაინიდან 1.5 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები