ავტორი: სალომე ზაალიშვილი
საფრანგეთის ხელისუფლება ჩინური ონლაინ რიტეილერის - SHEIN-ის ქვეყნის მასშტაბით საქმიანობის შეჩერებას გეგმავს. მიზეზი კომპანიის მიერ პედო-პორნოგრაფიული სათამაშოების და საფრანგეთში აკრძალული იარაღის გაყიდვაა, მათ შორის მაჩეტეების და კასტეტების.
საფრანგეთში A კატეგორიის იარაღის გაყიდვა, რა კატეგორიაშიც შედის SHEIN-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომი იარაღები, 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და 75 000 ევროს ოდენობით ჯარიმით ისჯება.
პარიზში SHEIN-ის პირველი ფიზიკური მაღაზია, 5 ნოემბერს, აქციის ფონზე გაიხსნა.
საფრანგეთის ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის სებასტიან ლეკორნუს დავალებით SHEIN-ის საქმიანობის შეჩერების პროცედურას იწყებს, ქვეყნის მასშტაბით. “პლატფორმას მიეცემა დრო, დარწმუნდეს, მისი საქმიანობა თანხვედრაში არის თუ არა საფრანგეთის კანონებთან", - ითქვა ოფიციალურ განცხადებაში.
თავის მხრივ, SHEIN-ის წარმომადგენელმა მომხდართან დაკავშირებით განაცხადა, რომ კომპანია კონსულტაციებს ითხოვს ხელისუფლებასთან, ხოლო ონლაინ პლატფორმის მუშაობა ნაწილობრივ თვითონვე შეაჩერა საფრანგეთში.
SHEIN-ის განმარტებითვე, ბრენდირებული პროდუქციის გარდა, საიტზე დამოუკიდებელი ვენდორების პროდუქციაც არის განთავსებული, რომელთა პროდუქტზე მათ სრული კონტროლი არ აქვთ. SHEIN-მა არალეგალური პროდუქტის გამყიდველი პირები დააჯარიმა, ხოლო მათი ლისთინგები წაშალა პლატფორმიდან, მსგავსი პროდუქტის გაყიდვა კი აკრძალა.
ლეკორნუს მინისტრთა საბჭოს წევრმა ან ლე ჰენანფმა ევროკომისიას მიმართა თხოვნით, გამოიძიოს SHEIN-ის საქმიანობა ევროპის მასშტაბით, ხოლო საფრანგეთში SHEIN-ის საკითხზე საპარლამენტო განხილვა 18 ნოემბრისთვისაა ჩანიშნული.
მინისტრთა საბჭოს განცხადებით, მსგავსი ბრალდებით სხვა ჩინური პლატფორმების საქმიანობასაც იძიებს პოლიცია, მათ შორის Temu-ს და AliExpress-სის. საფრანგეთი საკმაოდ მკაცრად აკონტროლებს თავის ონლაინ სივრცეს და მსგავსი ნაბიჯები ქვეყნისთვის ახალი არ არის; ჯერ კიდევ 2021 წელს ონლაინ რიტეილერი Wish-ის პლატფორმა არალეგალური პროდუქტის გაყიდვის გამო დაიბლოკა; საიტმა მუშაობის განახლება მხოლოდ წელიწად-ნახევრის შემდეგ შეძლო.




























