საფრანგეთში კონკურენციის მარეგულირებელმა უწყებამ Google €250 მილიონით დააჯარიმა - მიზეზი კომპანიის მიერ სხვადასხვა მედიასააგენტოს კონტენტის უნებართვო გამოყენებაა, რაც ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების წესების დარღვევად ითვლება.
საქმე ისაა, რომ Google-მა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატბოტი Gemini-ის (იგივე Bard-ი) “გასაწვრთნელად” სხვადასხვა გამომცემლობის მასალები ისე გამოიყენა, რომ თავად მედიასააგენტოები ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.
მარეგულირებლის ინფორმაციით, Alphabet-ის შვილობილი კომპანია პირობას დებს, რომ უწყების გადაწყვეტილებას არ გააპროტესტებს და მეტიც, Google დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის შესაბამისი ზომების მიღებასაც აპირებს.
Google თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ კომპანია ბრალდებას თანხმდება, რადგან მათი მიზანი უფრო დიდ მიზნებზე კონცენტრირებაა, რაც “ფრანგ გამომცემლებთან მჭიდრო კავშირსა და ხარისხიან კონტენტზე ხელმისაწვდომობის ზრდას” გულისხმობს. თუმცა კომპანია იმასაც აცხადებს, რომ დაკისრებული ჯარიმა დანაშაულის პროპორციული არ არის. მათი თქმით, მარეგულირებელს არ გაუთვალისწინებია გარემოება, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის მხრივ კონკრეტული კურსის დასახვა ძნელია, რადგან ბაზარი არაპროგნოზირებადია.
Google-თან საავტორო უფლებებზე დავის ისტორია 2022 წლიდან იწყება, როდესაც საფრანგეთის უმსხვილესმა მედიაორგანიზაციებმა, მათ შორის “ფრანგული პრესის სააგენტომ” კონკურენციის სააგენტოში არაერთი განცხადება შეიტანეს, რაც მათი ონლაინ მასალების უნებართვო გამოყენებას შეეხებოდა. აღნიშნული დავა 2022 წელსვე გადაწყდა, როდესაც, გამოძიების დასრულების შემდეგ, Google-მა €500 მილიონიანი ჯარიმის გასაჩივრებაზე უარი თქვა და მარეგულირებელთან შეთანხმებას მიაღწია.
20 მარტს გავრცელებულ განცხადებაში კი სააგენტო აღნიშნავს, რომ Google-მა ამ შეთანხმების 7 პუნქტიდან 4 კვლავ დაარღვია, რომელთა შორისაც ინფორმაციის გამჭვირვალობა და გამომცემლობებთან კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების წარმართვაც შედის. გამომცემლობათა უმრავლესობა კი AI-ის მიერ მათი მონაცემების ავტომატურ შეგროვებას კრძალავს და ამისათვის ლიცენზირებასა და სამართლიან კომპენსაციას ითხოვს.
ფრანგული შემთხვევა ისტორიაში პირველი არ არის, როდესაც მედიასააგენტომ AI კომპანიას უჩივლა. გასულ წელს New York Times-მა სარჩელი შეიტანა OpenAI-ის წინააღმდეგაც, რომელიც ChatGPT-ის გასაწვრთნელად ონლაინგაზეთის მილიონობით სტატიას უნებართვოდ იყენებდა.