საფრანგეთის პრემიერ მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ 2026 წლის საბიუჯეტო პროექტის დასამტკიცებლად კონსტიტუციაში გაწერილი 49.3 მუხლის გამოყენებას აპირებს, რაც თავისი არსით ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საპარლამენტო მხარდაჭერის გარეშე გატანას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ლეკორნუ მხარდაჭერის მოპოვებას წამყვანი მემარჯვენე, მემარცხენე თუ ცენტრისტული პარტიებისგან რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა არსებული პოლარიზაციის გამო საბოლოოდ საკმარისი ხმების შეგროვება მაინც ვერ შეძლო.
აღსანიშნავია, რომ მსგავს მიდგომას ლეკორნუს წინამორბედმა, ფრანსუა ბარომაც მიმართა, თუმცა ვიდრე გადაწყვეტილებას დაამტკიცებდა, მთავრობა ჩამოიშალა, რადგან როგორც ულტრა მემარჯვენე, ისე ულტრა მემარცხენე პარტიები პარლამენტში მისი გუნდისთვის უნდობლობის გამოცხადებას აპირებდნენ. ამჯერადაც, როგორც მემარცხენეთა ლიდერები, ისე მემარჯვენე პოლიტიკოსები, მათ შორის ჯორდან ბარდელა და მარინ ლე პენი აანონსებენ, რომ უნდობლობის გამოცხადების საკითხს პარლამენტში წარადგენენ და მაკრონის მიერ ერთ კვირაში ორჯერ დანიშნულ პრემიერ მინისტრს კაბინეტს დაუშლიან.
ამჟამად, ლეკორნუს ერთადერთი იმედი პარლამენტში წარმოდგენილი მემარცხენე-ცენტრისტული სოციალისტების პარტიაა, რომლის მხარდაჭერის გარეშეც ულტრა მემარჯვენე და ულტრა მემარცხენე პარტიები მიზნის მიღწევას ვერ შეძლებენ. პარტიის მთავარმა ლიდერებმა უკვე დააანონსეს, რომ თუ მთავრობა პარლამენტის გვერდის ავლით დასამტკიცებელ საბიუჯეტო პროექტში მათთვის სასურველ ცვლილებებს შეიტანს, უნდობლობის გამოცხადების პროცესში არ ჩაერთვებიან და ლეკორნუს თანამდებობაზე დარჩენაში ხელს შეუწყობენ.
სავარაუდოდ, ლეკორნუს დათმობებზე წასვლა მოუწევს, თუმცა პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების მიზანი ქვეყანაში არსებული დიდი საბიუჯეტო დეფიციტის ამოვსება უნდა იყოს და თუ მისი მშპ-ს 5%-იან ნიშნულამდე ჩამოწევა წლის ბოლომდე ვერ მოხერხდა, ეს შემდგომ წლებში ეკონომიკურ განვითარებას დამატებით დააზიანებს.




























