საფრანგეთის მთავრობა, რომელსაც ემანუელ მაკრონის უახლოესი გარემოცვის წევრი, სებასტიან ლეკორნუ ხელმძღვანელობს, პარლამენტში უნდობლობის გამოცხადების ორივე მცდელობას გადაურჩა. შესაბამისად, მოქმედი კაბინეტი საქმიანობის გაგრძელებას ჩვეულებრივად შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ლეკორნუს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის გადაყენების ინიციატივა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის ნაწილის პარლამენტის გვერდის ავლით დამტკიცებას უკავშირდებოდა. კონკრეტულად, საუბარია ბიუჯეტის იმ ნაწილზე, რომელიც შემოსავლების მიღების გზებს უკავშირდებოდა. შედეგის მისაღწევად ლეკორნუმ კონსტიტუციის მუხლი 49.3 გამოიყენა, რომელიც მთავრობას საკანონმდებლო ორგანოს გვერდის ავლით მოქმედების საშუალებას აძლევს.
პარლამენტის ულტრამემარცხენე ფლანგის მიერ წარდგენილმა და მწვანეებისა და კომუნისტების მიერ მხარდაჭერილმა უნდობლობის გამოცხადების ინიციატივამ 269 ხმა დააგროვა, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი. ცნობისთვის, მთავრობის გადასაყენებლად 288 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. მეორე ინიციატივა ულტრამემარჯვენე ფლანგმა წამოაყენა, თუმცა მან გაცილებით ნაკლები ხმა მიიღო. შესაბამისად, ამჯერად ლეკორნუს მთავრობას დაშლა არ ემუქრება. აღსანიშნავია, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრის წინამორბედი, ფრანსუა ბაირუ ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტიებმა "ცენტრისტების" ნაწილის მხარდაჭერით გადააყენეს, თუმცა ამჯერად ლეკორნუს სწორედ "ცენტრისტებმა" გაუწიეს დახმარება.
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ფრთის ლიდერმა, მარინ ლე-პენმა მკაცრად გააკრიტიკა როგორც ხელისუფლება, ისე ის პოლიტიკოსები, რომლებმაც უნდობლობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირეს. “ეროვნული ფრონტის” ერთ-ერთმა მთავარმა სახემ განაცხადა, რომ ყველა, ვინც ლეკორნუს ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელი შეუწყო, ხალხის პასუხს მომავალ ადგილობრივ, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიიღებს. ულტრამემარჯვენე პარტიების მსგავს, ულტრამემარცხენე ფლანგზეც ფიქრობენ, რომ მთავრობისთვის უნდობლობის არგამოცხადება შეცდომა იყო და ლეკორნუ ბიუჯეტის ხარჯების ნაწილსაც პარლამენტთან შეუთანხმებლად დაამტკიცებს, რაც პარლამენტის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს ეფექტურობას მკვეთრად შეამცირებს და პროტესტის ქუჩაში გადანაცვლებას გამოიწვევს.




























