ახალი ინიციატივის თანახმად, რომელიც სწრაფი მოდის შეზღუდვას ემსახურება, საფრანგეთში, შესაძლოა, Shein-ისა და სხვა მსგავსი კომპანიების რეკლამები აიკრძალოს.
საქმე ისაა, რომ საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც იაფი ტანსაცმლის მწარმოებელ ბრენდებს, მათი გარემოზე მავნე ზემოქმედების გამო, ფულად ჯარიმას დააკისრებს. საკითხი კი ამიერიდან სენატში გადადის. პარლამენტში კანონპროექტი 146 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღეს.
კენჭისყრის შედეგებს ქვეყნის ეკოლოგიის მინისტრი კრისტოფ ბეშუ X-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონპროექტი წინ გადადგმული ნაბიჯია ტექსტილის სექტორის ნახშირბადის ნაკვალევის შესამცირებლად.
სწრაფი მოდის საწინააღმდეგო კანონს ბეშუ აქტიურად უჭერდა მხარს გასული თვეების განმავლობაში. იგი სოციალურ ქსელებში ახსენებდა, რომ სწრაფი მოდა “ეკოლოგიური კატასტროფაა” და ამის მიზეზად იაფად წარმოებული ტანსაცმლის ხარისხს ასახელებდა, რის გამოც აღნიშნული ნივთები მოკლე დროში ნაგავსაყრელებზე ხვდება. სწორედ ამიტომ, კანონპროექტი სწრაფი მოდის ბრენდების დარეკლამებისთვის ეკოლოგიურ ჯარიმებს ითვალისწინებს, ჩინური კომპანია Shein-ი კი საფრანგეთის მთავარი სამიზნეა. წარდგენილ კანონპროექტში განმარტებულია, რომ Shein-ი იმაზე 900-ჯერ უფრო მეტ პროდუქტს აწარმოებს, ვიდრე ტრადიციული ფრანგული ბრენდი, თავად კომპანია კი დღეში ტანსაცმლის 7 200 ახალ მოდელს უშვებს. საერთო ჯამში Shein-ის პლატფორმით 470 000 სხვადასხვა მოდელის შეძენაა შესაძლებელი. ეს ყველაფერი კი ევროპელ ბრენდებს, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, წარმოების ზრდისკენ უბიძგებს.
საფრანგეთის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბრენდები ყოველწლიურად 100 მილიარდ ერთეულ ტანსაცმელს ყიდიან - ეს ინდუსტრია სათბურის აირების ემისიათა 10%-ზეა პასუხისმგებელი, ისევე როგორც წყლის დაბინძურებაზე, რაც ტექსტილის საღებავებითა და სინთეტიკურ ქსოვილში შემავალი მიკროპლასტმასით აიხსნება.