საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 2026-2027 წლებში ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი 6.5 მილიარდი ევროთი გაიზრდება. შესაბამისად, 2027 წელს ეს მაჩვენებელი €64 მილიარდს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, საფრანგეთი თავდაცვაზე ამის ნახევარს ხარჯავდა.
პრეზიდენტის განცხადებით, გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. კონკრეტულად, რუსეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მომავალმა მზარდმა საფრთხემ და კიბერუსაფრთხოების რისკებმა. ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ატომური შეიარაღების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მან ევროპული ქვეყნების ლიდერებს საერთო ატომური უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნისთვის მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდა.
მაკრონის გადაწყვეტილება კონსერვატიულმა ფრთამ დადებითად შეაფასა. რაც შეეხება მემარცხენეებს, ისინი შიშობენ, რომ თავდაცვაზე ბიუჯეტის გაზრდა სოციალური საჭიროებებისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯზე მოხდება. თავად მაკრონმა განაცხადა, რომ თავდაცვის ბიუჯეტი ახალი ვალის აღების ხარჯზე არ გაიზრდება და თანხის მობილიზება ეკონომიკის გაზრდით მიღებული შემოსავლით მოხდება.




























